სახალხო დამცველი „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართავს
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2019 18:01
სახალხო დამცველი „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართავს

სახალხო დამცველი ეხმიანება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლებისთვის ქონებრივი უფლების იძულებით დათმობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.მოცემულ საქმეზე საფინანსო-სასაქონლო ექსპერტიზა დაინიშნა 2018 წლის აპრილში, ხოლო იმავე წლის ივნისში დამკვეთი მხარისგან (პროკურატურა) დაისვა დამატებითი შეკითხვა. 2018 წლის 17 აპრილს და 7ივნისს ექსპერტიზის ბიურომ დამკვეთისგან გამოითხოვა დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ იქნა წარმოდგენილი. საექსპერტო ბიუროს განმარტებით, საექსპერტო გამოკვლევა დასრულდება საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემდეგ.

საქართველოს პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარეობს მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოპოვება, რაც მისი მოცულობიდან გამომდინარე საჭიროებს გარკვეულ დროს და მოპოვებისთანავე გადაეცემა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს საექსპერტო კვლევისათვის. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სახალხო დამცველმა განიხილა საქართველოს მთავარ პროკურორთან შეხვედრისას და მიაწოდა ინფორმაცია გაჭიანურებული გამოძიების თაობაზე. ნიშანდობლივია, რომ მოცემულ საქმეზე ხანდაზმულობის 15 წლიანი ვადა გადის 2019 წლის ივნისში. სწორედ, ამ გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა კვლავ მიმართა 5 ივნისს პროკურატურას, რათა გარკვეულიყო მოესწრებოდა თუ არა საჭირო მასალების მოპოვება და ექსპერტიზის ბიუროსთვის მიწოდება. პროკურატურიდან პასუხი ჯერჯერობით აპარატს მიღებული არ აქვს.

მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას წარმოადგინოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გაჭიანურდა საქმის გამოძიება და რატომ არ იქნა მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება აქამდე.

ტეგები