„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა განცხადება გაავრცელეს
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2019 18:53
„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა განცხადება გაავრცელეს

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ. ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის თქმით, 2019 წლის 16 ივნისს რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მიმართ ჩადენილი დანაშაულიდან 15 წელი გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ იწურება საქმის ხანდაზმულობის ვადა, რის შემდეგაც ისინი ვეღარ შეძლებენ სამართლებრივი გზით სიმართლის დამტკიცებას.
მათივე განმარტებით, აღნიშნული საქმე თავისი მნიშვნელობით სცდება ერთი კონკრეტული ტელევიზიის ბედს. ის თავის თავში ასახავს იმ უსამართლობას და ფუნდამენტურ ფასეულობათა ღრმა კრიზისს, რომელმაც ათწლეულებია მოიცვა ჩვენი ქვეყანა.

„მივმართავთ საქართველოს საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრს, პროკურატურას, იუსტიციის მინისტრს, საქართველოს სახალხო დამცველს, პარლამენტს და განსაკუთრებით, პარლამენტის საღად მოაზროვნე წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ დაუშვათ რუსთავი 2-ის საქმის გამოუძიებლობა, ტელევიზიისა, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში დიდი როლი შეასრულა და მასთან ერთად გაიარა ქარტეხილები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იმაზე დიდი დანაშაული იქნება, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა 2004 წელს. იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი ხელისუფლება შემჩნეულია არაკეთილსინდისიერ ქმედებაში მედიის კონტროლის სურვილთან დაკავშირებით, კარგად გვესმის, რომ რუსთავი 2-ის საქმეში დღევანდელი სტატუს-კვოს ცვლილება ბევრ ეჭვს დაბადებს. აქედან გამომდინარე, ხაზგასმით ვითხოვთ არა საკითხის დღეს გადაწყვეტას და ჭეშმარიტების დღესვე დადგენას, არამედ იმას, რომ გახანგრძლივდეს გამოძიების ვადა, რათა არ დავკარგოთ შანსი, მომავალში მაინც გაირკვეს, რა მოხდა 2004 წელს და როგორ აღმოჩნდა ეს ტელევიზია პოლიტიკური ძალების მფლობელობაში“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

ტეგები