მიხეილ ბატიაშვილი: „განათლების მიმართულებით საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება“
ამობეჭდვა · 14 / 06 / 2019 19:09
მიხეილ ბატიაშვილი: „განათლების მიმართულებით საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტყიბულისა და თერჯოლის დამსახურებულ პედაგოგებსა და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს 2018-2019 სასწავლო წლის დასრულება მიულოცა, წარმატება უსურვა და განათლების რეფორმის დეტალები გააცნო.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ამ გამორჩეულ მხარეს 72 მედალოსანი ჰყავს. ეს არის უნიკალური შედეგი, რომელსაც თქვენი შრომით მიაღწიეთ. ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და სკოლის წარმომადგენელს გილოცავთ სწავლის დასრულებას და წარმატებას გისურვებთ მომავალი ცხოვრების გზაზე. რეფორმები, რომელიც დღეს განათლების სისტემაში ხორციელდება უმნიშვნელოვანესია. იცით, რომ განათლება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს დადასტურებულია იმით, რომ ბიუჯეტის 25% განათლების სისტემის რეფორმირებაში დაიხარჯება“, - აღნიშნა მინისტრმა

ბატიაშვილის თქმით, რესურსი მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სკოლების მშენებლობას, ასევე პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდასა და თანამდეროვე სასწავლო გარემოს შექმნას.

„ამ პროცესში პედაგოგის როლი უმთავრესია. სწორედ ამიტომ, სექტემბრიდან როგორც პედაგოგთა, ასევე სკოლის ადმინისტრაციის ხელფასი გაიზრდება და ეს ზრდა, ყოველწლიურად გაგრძელდება. თქვენ იცით, რომ მთავრობა განსაკუთრებულად ზრუნავს საპენსიო ასაკის პედაგოგებზე. იმისთვის რომ თითოეული თქვენგანი იყოს დაფასებული სახელმწიფომ სპეციალური ჯილდო დააწესა - სურვილის შემთხვევაში საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგები მიიღებთ ორი წლის ჯამურ ხელფასსა და ჯანმრთელობის დაზღვევას მთელი ცხოვრების განმავლობაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ პედაგოგს, რომელსაც უდიდესი შრომა აქვს ჩადებული ბავშვების აღზრდაში“,- განაცხადა განათლების მინისტრმა. 

ტეგები