ბოტანიკურ ბაღში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 15 / 06 / 2019 18:32
ბოტანიკურ ბაღში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ნაყინის ფესტივალი  მიმდინარეობს. ღონისძიება, რომელიც ორდღიანია, დღეს, 21:00 საათამდე გაგრძელდება, ხვალ კი, სტუმრებს 15:00-დან 21:00 საათამდე ელოდება. 

ფესტივალის ფარგლებში, ეწყობა თეატრალიზებული სანახაობა, სტუმრების განწყობაზე ანიმაციური გმირები, ოჩო ფეხები, ქუჩის თეატრი, მიმები და ანიმატორები ზრუნავენ, რომლებიც სხვადასხვა გასართობ აქტივობაში გამარჯვებულებს ნაყინით აჯილდოვებენ. 

ფესტივალზე  ნაყინის დამზადების მასტერკლასები და შეჯიბრებები, მეცნიერული ნაყინის დამზადებისა და ნაყინის კოქტეილების სანახაობებიც ტარდება, რომლის დაგემოვნება ყველა დამთვალიერებლისთვის სრულიად უფასოა.  

ნაყინის ფესტივალზე წარმოდგენილია 15 მონაწილე კომპანია, 25-მდე სახეობის ნაყინი და გასართობი შოუ-პროგრამა.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, ნაყინის ფესტივალი წელს პირველად იმართება და მას ყოველწლიური სახე ექნება.