„ლიბერალური ძალები მოსახლეობის მორალურ ტერორს უნდა შეეშვან“ - მეუფე იაკობი
ამობეჭდვა · 16 / 06 / 2019 16:30
„ლიბერალური ძალები მოსახლეობის მორალურ ტერორს უნდა შეეშვან“ - მეუფე იაკობი

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა 14 ივნისს თბილისში გამართული პრაიდის შესახებ საკვირაო ქადაგების დროს ილაპარაკა და განაცხადა, რომ ლიბერალურ ძალებს სურთ "თავს მოგვახვიონ ისეთი რაღაც, რაც ჩვენი ერისთვის მიუღებელია". მისი ქადაგების შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსი" წერს.

მეუფე იაკობის თქმით, არ არის აუცილებელი რომ ყველა წესი გადმოვიღოთ რაც საზღვარგარეთ არსებობს. მეუფემ ლიბერალიზმის არსიც განუმარტა მრევლს, რაც მისი თქმით ლიბერალიზმი ნიშნავს თავისუფლებას, თუმცა სხვა პირთან თანაცხოვრებასაც ნიშნავს და არ უნდა მოახვიოს ძალით ისეთი რამ, რაც მიუღებელია. მისი განცხადებით, ლიბერალური ძალები "უკვე ძალიან ზედმეტებში გადადიან".

"მინდა მივმართო საზოგადოების იმ ნაწილს, ამ მორალურ ტერორს შეეშვან მოსახლეობის მიმართულებით და იცხოვრონ ისე, როგორც ცხოვრობენ, არავინ არავის არ ჩაგრავს, მაგრამ რაღაც მიუღებელი რომ მივიღოთ, ასეც არ გამოვა, იმიტომ, რომ თქვენ როგორც ხედავთ, პოლიტიკოსები ებმებიან ამაში და ერთი მხარე ასე ვთქვათ თავის სიმართლეს ლაპარაკობს, მეორე მხარე თავის სიმართლეს და შეიძლება ქვეყანა საერთოდ დაღუპონ, ისე წაიყვანონ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღესვე სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა ილია მეორემ "სიწმინდისა და ტრადიციების შენარჩნებისკენ" მოუწოდა მრევლს.

14 ივნისს საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტ პრაიდის ჩატარება. ამის გამო, ლგბტ თემის წარმომადგელებმა და მათმა უფლებადაცველებმა აქცია გამართეს. გაიმართა კონტრაქციაც.

კონტრაქციაზე მივიდა ლევან ვასაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარებას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს. ამ ორ საპროტესტო აქციას, ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა.

პოლიციის მიერ დაკავებული პირებიდან 4 რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში, 3 სასამართლომ 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო 21-მა პირმა 15 ივნისს გვიან ღამე ხელწერილის საუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.

„თბილისი პრაიდი“ 18 ივნისს საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება და 23 ივნისს ღირსების მარშით დასრულდება.