„თბილისი პრაიდი“ ლევან ვასაძის დღევანდელ განცხადებებზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს
ამობეჭდვა · 17 / 06 / 2019 00:04
„თბილისი პრაიდი“ ლევან ვასაძის დღევანდელ განცხადებებზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

თბილისში, ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით "თბილისი პრაიდი" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამის შესახებ "თბილისი პრაიდის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

"თბილისი პრაიდი" მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება ლევან ვასაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (მუხლი 223. უკანონო ფორმირების შექმნა) ნიშნებს“, – აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ ფეისბუქგვერდზე განცხადებაში.

როგორც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები აცხადებენ, სახეზეა დანაშაულის ყველა ელემენტი:

„ჯგუფი იქმნება იმისთვის რომ, პირის თავისუფლად გადაადგილების უფლება შეზღუდოს („ქამრებით შევუკრავთ ხელებს და გავიყვანთ ტერიტორიიდან“) – განხორციელდეს მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთა (სსკ-ის მუხლი 144); ქამრები და კომბლები შეიძლება, ადამიანის დასაზიანებლად გამოიყენონ; ეს მიზანი პირდაპირაა გაცხადებული ანუ სახეზეა განზრახვა; სახეზეა რეალური და მყისიერი საფრთხე“, - წერია განცხადებაში.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში მხარდამჭერებთან შეკრება ლოცვით დაიწყო. შემდეგ კი თქვა, რომ ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ ლეგიონის შექმნას გეგმავს.

„ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, ჩამოგფხოჭნით, ნუ დაარტყამთ მას ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ", - თქვა ვასაძემ. მისივე თქმით, „ყველას ვისაც სურს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია და იგინოს, იფურთხოს, მისი ადგილი მათ გვერდით არ არის“.