„ნუ წაართმევ ბავშვობას“-ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანია დაიწყო
ამობეჭდვა · 17 / 06 / 2019 12:17
„ნუ წაართმევ ბავშვობას“-ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანია დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრის მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და პოლიციისათვის დროული შეტყობინების საკითხებზე საინფორმაციო კამპანია დაიწყო სახელწოდებით „ნუ წაართმევ ბავშვობას“. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა კამპანიის მიზნების შესახებ ისაუბრა.

მეზვრიშვილი მოუწოდებს ყველას, ვინც ნაადრევი ქორწინების ფაქტზე ინფორმაციას ფლობს, დაუყონებლივ შეატყობინოს პოლიციას. მისივე განმარტებით, სიმბოლური კამპანია 18 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„ნუ წაართმევ ბავშვობას“-ამ კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქორწინების იძულებასთან დაკავშირებით და იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც წესი, ქორწინების იძულებას თან სდევს ხოლმე. ეს გახლავთ, სექსუალური ძალადობა და ძირითადად, ოჯახში ძალადობა. ამ დანაშაულის მსხვერპლები ძირითადად არასრულწლოვნები არიან. როგორც წესი დანაშაულს ოჯახის წევრები ჩადიან. მართალია, მომართვიანობის მაჩვენებელი, ბოლო პერიოდში გაიზარდა, თუმცა, ეს ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს.

"დღეს ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე მოვახდინოთ ეფექტიანი და დროული რეაგირება და ფაქტიურად გადავარჩინოთ ეს არასრულწლოვნები. მივცეთ მათ საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობა და რაც მთავარია, არ წავართვათ განათლების უფლება. ამ 18 დღის განმავლობაში იქნება შეხვედრები მოსახლეობასთან, სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან. ჩაერთვებიან განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები. ჩვენი მართლწესრიგის ოფიცრები კარდაკარ ივლიან, დაარიგებენ საინფორმაციო ბროშურებს და ბუკლეტებს და მიაწვდიან საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, რომ ეს ქმედება დანაშაულია და აუცილებლად უნდა შეატყობინონ პოლიციას,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ტეგები