აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის ახალ დონეზე- მამუკა ბახტაძემ აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა
ამობეჭდვა · 17 / 06 / 2019 15:24
აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის ახალ დონეზე- მამუკა ბახტაძემ აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა

აშშ-საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ოქმში ასახულია ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მაღალ, ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ ურთიერთობები ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს ნაყოფიერი უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის ახალ დონეზე და ამ ვიზიტის შედეგად საქართველოს ახალი შესაძლებლობები გაეხსნა.

„ჩვენ ერთობლივად აღვნიშნეთ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავი. შევაჯამეთ განვლილი გზა, ის რეფორმები, რომელიც აშშ-ს მხარდაჭერით გავატარეთ. ის შედეგები, რომელიც გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების, სამხედრო თანამშრომლობისა და ყველა სხვა მიმართულებით, რაშიც ჩვენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები გვეხმარებიან. ამასთან ერთად ჩვენ მივიღეთ ერთობლივი დეკლარაცია, სადაც ავსახეთ ის ერთობლივი პრიორიტეტები და ამოცანები, რომელიც უნდა იქნას მიღწეული. დოკუმენტი თავისი შინაარსით არის კონკრეტული, შედეგებზე ორიენტირებული და ამავე დროს საკმაოდ ამბიციური“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ

პრემიერის თქმით, ვიზიტის ფარგლებში შედგა ნაყოფიერი პოლიტიკური შეხვედრები, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან, სადაც საუბარი შეეხო ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის რუსულ ოკუპაციას და იმ აგრესიას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს მიმართ ახორციელებს.

„დეკლარაციის დიდი ნაწილი მიეძღვნა ეკონომიკურ თანამშრომლობას. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები უსაფრთხოების მიმართულებით. დოკუმენტი თავისი შინაარსით ძალიან მნიშვნელოვანია. მასში გამოიკვეთა პირველად ხედვა, რომ სწორედ საქართველოს აქვს პოტენციალი, რეგიონში იყოს ეკონომიკური ცენტრი. მოვისმინეთ ასევე ძალიან ძლიერი გზავნილები საქართველოს მზარდ როლზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ვიზიტის ფარგლებში, ჯონ ბოლტონთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს, ასევე აშშ- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს როლს.

ტეგები