ირაკლი კობახიძე: საქართველოს და ბულგარეთს შეუძლიათ ევროპასა და აზიას შორის ხიდის ფუნქცია შეასრულონ
ამობეჭდვა · 17 / 06 / 2019 15:36
ირაკლი კობახიძე: საქართველოს და ბულგარეთს შეუძლიათ ევროპასა და აზიას შორის ხიდის ფუნქცია შეასრულონ

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვეს.

„ჩვენი ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას, ქართველ და ბულგარელ ხალხს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას. ორ ქვეყანასა და ორ ერს შორის მეგობრობას ხანგრძლივი ისტორია აქვს და ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა არსებული მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ბულგარეთი ევროკავშირის და ნატოს ამაყი წევრია და ჩვენ ვაფასებთ თქვენს მზადყოფნას, გაგვიზიაროთ გამოცდილება ამ მიმართულებით. ჩვენ, ასევე, ვაფასებთ თქვენს აქტიურ ჩართულობას საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირებასა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში. ჩვენი თანამშრომლობის ეს ასპექტი სარგებელს მოუტანს რეგიონულ სტაბილურობასა და კეთილდღეობას.
ჩვენს ქვეყნებს, ერთობლივად, შეუძლიათ, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდების ფუნქცია შეასრულონ და ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ. გვწამს, რომ ჩვენი ძალისხმევა მეტ დინამიზმს შესძენს საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთობას და მეტ კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა საერთო სულიერ და კულტურულ მსგავსებას და მემკვიდრეობას. ჩვენ ამას უნდა მოვუფრთხილდეთ და გამოვიყენოთ, როგორც საერთო საფუძველი ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისა და ჩვენს ქვეყნებსა და საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებისთვის“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დელეგაციასთან ერთად, უცნობი ჯარისკაცი საფლავი გვირგვინით შეამკო.

 

ტეგები