საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში ბრაზილიის ელჩს შეხვდა
ამობეჭდვა · 17 / 06 / 2019 19:25
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში ბრაზილიის ელჩს შეხვდა


2019 წლის 17 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში ბრაზილიის ელჩს, ციცერო მარტინს გარსიას, შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბრაზილიას შორის ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

მინისტრის მოადგილემ ბრაზილიის ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული უკანონო პროცესებისა და ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ. განსაკუთრებით ყურადღება დაეთმო არაღიარების პოლიტიკასა და საერთაშორისო არენაზე მისი შემდგომი განმტკიცების აუცილებლობას.

ციცერო მარტინს გარსიამ კვლავ დაადასტურა ბრაზილიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ბრაზილიის ხელისუფლება მტკიცედ ატარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

ტეგები