უცხოელი ტურისტებისთვის ტურიზმის ადმინისტრაცია 1 მილიონამდე ლარის სასაჩუქრე ღვინოს იყიდის
ამობეჭდვა · 23 / 06 / 2019 18:41
უცხოელი ტურისტებისთვის ტურიზმის ადმინისტრაცია 1 მილიონამდე ლარის სასაჩუქრე ღვინოს იყიდის

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 300 ათასი ბოთლი ბრენდირებული სასაჩუქრე ღვინის შესყიდვას გეგმავს, რისთვისაც ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 მილიონი ლარია. სასაჩუქრე ღვინო საქართველოს აეროპორტებში ტურისტებისთვის იქნება განკუთვნილი.
„ეს არის ერთგვარი მარკეტინგული კამპანია… საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტს ღვინო საჩუქრად გადაეცემა“ –განუცხადეს netgazeti.ge-ს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
ტურიზმის ადმინისტრაციას დაგეგმილი აქვს ბრენდირებული სასაჩუქრე ღვინის შესყიდვა შემდეგი ტექნიკური აღწერილობის შესაბამისად: 300 000 ერთეული საფერავის ღვინო მინის ბოთლში, ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო სპეციალური დანაყოფებიანი შეფუთვა;

„ღვინის ბოთლი უნდა იყოს ზეთის ხილის ფერი; ღვინო უნდა იყოს 100% საფერვის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული წითელი მშრალი საფერავი, საღებავების, კონსერვატების გარეშე; ქარხნული წესით ჩამოსხმული 0,187 ლ. მინის ტარაში, ხრახნიანი სახურავით… ღვინოში ალკოჰოლის შემცველობა უნდა იყოს 11%-დან 14%-მდე; დურდოზე დადუღებული [ე.წ. ევროპული] ტექნოლოგია, გაფილტრული, ქვევრის გარეშე დაყენებული”- აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ღვინის სფეროში საქმიანობის გამოცდილება – ბოლო 6 წლის განმავლობაში და თითოეულ წელს არანაკლებ 100 000 ლიტრი ღვინის წარმოების, რომლის დასადასტურებლადაც უნდა წარადგინოს ინფორმაცია და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.
2019 წლის 18 ივნისს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 2 ივლისს დაიწყება და 5 ივლისს დასრულდება.
 

ტეგები