"ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო დემოკრატიული გადაწყვეტილება, როდესაც პროპორციული არჩევნების შეთავაზება გააკეთა"
ამობეჭდვა · 24 / 06 / 2019 18:34
"ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო დემოკრატიული გადაწყვეტილება, როდესაც პროპორციული არჩევნების შეთავაზება გააკეთა"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დღეს სწორი და დემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საზოგადოებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და  ნულოვანი ბარიერით ჩატარება შესთავაზა.

აღნიშნული განცხადება უმრავლესობის ლიდერმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„დღეს ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო აბსოლუტურად სწორი, დემოკრატიული გადაწყვეტილება, როდესაც პროპორციული არჩევნების შეთავაზება გააკეთა და გააკეთა ეს ნულოვანი ბარიერით.

მე მინდა, ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, რომელიც ჩვენივე ხელისუფლების ფარგლებში გაკეთდა და ჩვენს მიერ იყო ინიცირებული, ჩვენ მივიღეთ სწორედ გადაწყვეტილება საზოგადოების მხარდაჭერით, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასულიყო ქვეყანა. ჩვენ იქ გავაკეთეთ ჩანაწერი, რომ ეს უნდა მომხდარიყო 2024 წელს, ვინაიდან, მიგვაჩნდა, რომ საჭირო იყო გარკვეული დრო პოლიტიკური პარტიებისთვის, საზოგადოებისთვის, ახალი იდეოლოგიის თუ ახალი პოლიტიკური პლატფორმების ჩამოსაყალიბებლად, სწორედ იმისთვის, რომ მომდევნო არჩევნები და ეს პროპორციული არჩევნები საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს, მაქსიმალურად გამოეყენებინა, რათა მიგვეღო პლურალისტური პარლამენტი, მიგვეღო უფრო მეტი იდეების დაპირისპირება და ამით, პოლიტიკა, ერთგვარად, გაჯანსაღებულიყო. დღეს, რა თქმა უნდა, ცხოვრება აკორექტირებს თარიღებს და  დღეს ჩვენ ვნახეთ საზოგადოების დაკვეთა, დღეს  ვნახეთ საზოგადოების მოთხოვნა. განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებდი ახალგაზრდების სულისკვეთებაზე და მათ სურვილზე, რომ ჩაერთონ პოლიტიკაში. იცით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ თვეების წინ გააკეთა ეს განცხადება, რომ ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო მეტად გავხსნათ კარი ახალი, მომავლის ხედვის მქონე ადამიანებისთვის, პერსპექტიული და წარმატებული ადამიანებისთვის პოლიტიკაში და რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებრივი დაკვეთა გახდა ზუსტად ამ გადაწყვეტილების საფუძველი. „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილმა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საზოგადოებრივი აზრი, საზოგადოების დაკვეთა ჩვენი თანამოქალაქეების სურვილი, არის უმთავრესი და გადამწყვეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ უკვე შეთავაზება, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი მხრიდან არის მზადყოფნა, რომ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე უკვე 2020 წელს, ნულოვანი ბარიერით, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის, ახალ თაობას, ახალგაზრდებს რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკაში, არჩევნებში, ეს მისცემს შესაძლებლობას, რომ ყოველგვარი, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან მიკედლების გარეშე, თავისი ინტერესების დათმობის გარეშე, შეუძლიათ, რომ ჩამოაყალიბონ პოლიტიკური პარტიები, შეუძლიათ უკვე ჩამოყალიბებულ პარტიებს, რომ მონაწილეობა მიიღონ და მათ რეალურად, უკვე აქვთ შანსი, რომ დამოუკიდებლად, როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა, მიიღონ ხალხის მხარდაჭერა, დაარწმუნონ ამომრჩეველი და შევიდნენ პარლამენტში. ეს არის რეალურად, დღევანდელი გადაწყვეტილება და ამას ეთანხმება უკვე ყველა მხარე, რომ ეს იყო ნამდვილად დემოკრატიული გადაწყვეტილება და ჩვენთვის ნამდვილად სასიხარულოა, რომ საზოგადოებაც, პოლიტიკური პარტიების უმეტესობაც, ამას შეხვდა დადებითი გამოხმაურებით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.