"არავის არ მივცემთ შესაძლებლობას სხვა არაკონსტიტუციური გზებით რაიმე ცვლილებას მიაღწიოს ამ ქვეყანაში"
ამობეჭდვა · 24 / 06 / 2019 19:26
"არავის არ მივცემთ  შესაძლებლობას სხვა არაკონსტიტუციური გზებით რაიმე ცვლილებას მიაღწიოს ამ ქვეყანაში"

„გრიგოლ ვაშაძე მარტო არ არის თავის პარტიაში, ჩვენ დაველოდებით სხვა ლიდერების შეფასებებს და კომენტარებსაც, თუმცა, თუ მთელი მისი პარტია იქნება ამ პოზიციაზე, საზოგადოება ამით კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ რეალურად, მათი დღის წესრიგი არა პროპორციული არჩევნები, არა სამართლიანი სასტარტო პირობები არჩევნებისთვის, არა ცვლილებები არჩევნებით და არა საზოგადოების მოთხოვნის პატივისცემა, არამედ  მართლაც ყოფილა დესტაბილიზაცია, ცვლილებების მიღწევა არეულობის და დესტაბილიზაციის გზით - ამაზე ჩვენ, მმართველი გუნდი და საზოგადოება, ვართ აბსოლუტურად თანაბარ პოზიციაში“,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებების მიღწევა მხოლოდ დემოკრატიული გზითაა შესაძლებელი და მმართველი გუნდის დღევანდელმა გადაწყვეტილებამაც დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაზე დიდ ანგარიშს საზოგადოებას უწევს.

„არავის არ მივცემთ ამის შესაძლებლობას,  სხვა არაკონსტიტუციური გზებით რაიმე ცვლილებას მიაღწიოს ამ ქვეყანაში.  მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული გზით, დემოკრატიული პროცესებით არის ცვლილების მიღწევა შესაძლებელი და დღევანდელმა ჩვენმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ყველაზე დიდ ანგარიშს ვუწევთ საზოგადოებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თანამდებობა, პოლიტიკურ არჩევნებში რაიმე უპირატესობის ქონა ჩვენთვის ნამდვილად არ არის თვითმიზანი, არ არის გადამწყვეტი, ჩვენთვის მთავარია, საზოგადოების ნდობა იყოს მაღალი და გავუფრთხილდეთ ამ საზოგადობრივ ნდობას, როგორც მმართველი გუნდი, ვისაც ხალხმა მხარი დაუჭირა. მერწმუნეთ, რომ ჩვენ ამ ვალდებულებას, ამ პირობას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. თუ ამას  გრიგოლ ვაშაძე ან რამდენიმე კოლეგა არ დაეთანხმება, ამაზე საზოგადოება გააკეთებს შეფასებებს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ რასაც თვეების განმავლობაში ითხოვდა პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი, ითხოვდა ჩვენი საზოგადოება, თუნდაც, ბოლო მანიფესტაციების დროს, დღეს ჩვენგან ამაზე კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.