დღეს პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს აირჩევს
ამობეჭდვა · 25 / 06 / 2019 10:16
დღეს პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

დღეს პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. უმრავლესობამ არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა შეარჩია. პროცედურის მიხედვით, თავმჯდომარეობის კანდიდატი პარლამენტის წინაშე 20-წუთიანი სიტყვით წარდგება, ამის შემდეგ დეპუტატები მას კითხვებს დაუსვამენ, რასაც თალაკვაძის მხრიდან პასუხები, შემდეგ კი პოლიტიკური დებატები მოჰყვება.

20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რამაც გაღიზიანება გამოიწვია და ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ამას მოჰყვა საპროტესტო აქცია. 20 ივნისს პარლამენტის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები, ბოლოს კი საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალა.

მომხდარის გამო თანამდებობა პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ დატოვა. სადეპუტატო მანდატი დატოვა ასამბლეის ორგანიზატორმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის მომხდარი დაპირისპირებისას 300-მდე ადამიანი დაშავდა, აქედან 80 პოლიციელი იყო. მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე მკურნალობს.

ტეგები