ირაკლი სესიაშვილი : გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი ემოციები და გარანტია და პასუხისმგებლობა ავიღოთ
ამობეჭდვა · 25 / 06 / 2019 14:00
ირაკლი სესიაშვილი : გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი ემოციები და გარანტია და პასუხისმგებლობა ავიღოთ

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კოლეგებს მიმართა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე მიუთითა.

"კოლეგებო ამ ემოციურ ფონზე ძნელია სიმშვიდის მნიშვნელობაზე ვისაუბრო. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხალხმა აგვირჩია იმისთვის, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი ემოციები და გარანტია და პასუხისმგებლობა ავიღოთ ამ ქვეყნის მშვიდობაზეც, სტაბილურობაზეც და უსაფრთხოებაზეც და ადამიანის უფლებებზეც. ამ დარბაზიდან დღეს საზოგადოება დღეს ელის არა ჩვენი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების დემონსტრირებას, არამედ ობიექტურ შეფასებებს და დასკვნების გამოტანას. რაც იმ საღამოს მოხდა, ძალადობრივ აქტს ვგულისხმობ, მესმის რომ იყო საფუძვლიანი პროტესტი, რაზეც აბსოლიტურად ადექვატური პასუხი გაეცა ყველასგან. ჩვენ იმის ნაცვლად რომ ეს ერთიანობა შეგვენარჩუნებინა, მაშინვე შავბნელმა პოლიტიკურმა ძალებმა, ეგრევე გაუღვივდათ პოლიტიკური მადა და მშვიდობიანი მიტინგი გადაზარდეს ძალადობრივ აქტში. ამას ჭირდება ერთმნიშვნელოვანი შეფასება, ამაზე უნდა ითქვას, რომ დიახ, ნაციონალურმა მოძრაობამ, ამ პოლიტიკურმა შავმა ჭირმა, დაგეგმა, ორგანიზება მოახდინა ამ ძალადობრივი აქტის, გამოიყენა ხალხი საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, თავი აარიდა ყველანაირ პასუხისმგებლობას და შეტევა განახორციელა სახელმწიფო ინსტიტუტებზე მინიმუმ მათი დასუსტების მიზნით, მინიმუმ ქვეყნის დასუსტების მიზნით და რა თქმა უნდა, მიზანი და ამოცანა იყო რომ რევოლუციურ აქტში გადაეზარდათ. ეს არის სამარცხვინო ქცევა, ამას ჭირდება ერთმნიშვნელოვანი შეფასება.

მე მინდა პოლიციის მოქმედება შევაფასო, იმიტომ რომ ძალიან ბევრია საუბარი როგორ მოქმედებდა პოლიცია? რა თქმა უნდა ჩვენ ვიღებთ იმაზე პასუხისმგებლობას რაც მოხდა, მაგრამ ობიექტურად უნდა შევაფასოთ თუ როგორ განვითარდა მოვლენები. პოლიცია ორი საათის განმავლობაში სრული მოთმინებით, აბსოლიტურად ძალადობრივი რეაგირების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის ლეგიტიმური და კანონიერი უფლება ქონდათ, შეიძლება ვალდებულებაც, იდგნენ და იცავდნენ ქვეყნის ინსტიტუტს, ჩვენს მოქალაქეებს. ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა იქ. და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტვაში. და ის რაც შემდგომ დამატებითი ძალის გამოყენების აუცილებლობა დადგა და ეს იყო იძულებითი აუცილებლობა, როდესაც ჩვენი პოლიციელები ორი საათის განმავლობაში ასე მოთმინებით იდგნენ და ეს იყო ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, რომ არა ამ ქვეყანაში არ შეიძლება ძალადობა და ეს უნდა შეიგნოს ყველამ. მაგრამ სირცხვილი იმათ, ვინც ერთი რომ ამ ძალადობისკენ მოუწოდებდა, მეორე სირცხვილი იმათ, რომ დაინახეს ასეთი მაღალი რისკი იყო ჯანმრთელობის დაზიანების, ერთი ნაბიჯი, ერთი მოწოდება არ გააკეთეს. სირცხვილი იმათ, ვინც მიატოვეს ეს ადამიანები და გაიქცნენ, დაიმალნენ. და სირცხვილი იმათ, ვისაც არ ეყოთ გამბედაობა და დღესაც ვერ გაემიჯნენ, იმიტომ რომ პოლიტიკური მადა მათი არის აი ამ ეშმაკზე ჩამოკიდებული. ამიტომ თუ ვსაუბრობთ პასუხისმგებლობაზე დიახ, სამწუხაროდ იყო შემთხვევები სადაც პოლიციის მხრიდან ადგილი ქონდა უფლებამოსილების გადამეტებას.

ამაზე მკაფიოდ ვთქვით, რომ ამაზე დადგება პასუხისმგებლობა და 10 პოლიციელს უფლებამოსილება აქვს შეჩერებული და ორი პოლიციელის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი პროცესი. მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი არის ის რომ ჩვენ ადექვატური პასუხი უნდა გავცეთ ჩვენ საზოგადოებას და დავიცვათ შავი ჭირისგან, ამ პოლიტიკური ჭირისგან. და მეორეს მხრივ, უნდა ადექვატურები ვიყოთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნების მიმართ. საზოგადოებამ კარგად დაინახა რაც მოხდა, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი გადადგა, ჩვენმა კოლეგამ დატოვა მანდატი. ჩვენ გადავდივართ ძალიან დემოკრატიულ პროცესში",- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.