ხულოში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ამობეჭდვა · 26 / 06 / 2019 10:18
ხულოში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 25 ივნისს ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ რ.გ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულის ადგილსამყოფელი ცხელ კვალზე დაადგინეს. ის ხულოს რაიონის სოფელ თხილვანაში იმალებოდა. ადგილზე მისულ პოლიციელებს რ.ბ.-მ ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც 2 სამართალდამცველი მსუბუქად დაიჭრა. მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ და უკვე დატოვეს საავადმყოფო. სამართალდამცველებმა ბრალდებული გამთენიისას, თანასოფლელის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ტეგები