რუსეთი არა დამპყრობლური ომების ეპოქაში, არამედ გაეროს საზღვრების ერაში დაგვესხა თავს - გიორგი კეკელიძე
ამობეჭდვა · 01 / 07 / 2019 11:54
რუსეთი არა დამპყრობლური ომების ეპოქაში, არამედ გაეროს საზღვრების ერაში დაგვესხა თავს - გიორგი კეკელიძე

რუსეთი არა დამპყრობლური ომების ეპოქაში, არამედ გაეროს საზღვრების ერაში დაგვესხა თავს, - ამის შესახებ ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

"როგორც შევატყვე, კრემლი ოსტატურად ცდილობს, ფრაზა: "რუსეთი ოკუპანტია" ჯერ ინტონაციურად დაგვარბილებინოს, მერე ჩურჩულით გვათქმევინოს და ბოლოს საერთოდ პირში დავიგუბოთ ეს სიმართლე. "კარგი, რად გინდათ ახლა ამის ყვირილი - ხომ ხედავ, ფრენა აკრძალეს, ტურისტი აღარ ჩამოვა, ხალხი ბიზნესს დაკარგავს და მერე, რა იცი, რას იზამს, საერთოდ არ დაგვბომბოს?!"

და რატომ უნდა დაგვბომბოს? რატომ უნდა დაგვიწყოს ომი?

მხოლოდ იმიტომ, რომ რუსი დეპუტატი ვერ ავიტანეთ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და ხანდახან ერთმანეთს თუ სამყაროს ვახსენებთ ოკუპაციის ამბავს?

ვინმეს თავზე დავესხით, მოვკალით ან მივიტაცეთ?

ჩვენ მაღალ კულტურულ ტრადიციას ვატარებთ - არცერთ რუსი ეროვნების ადამიანს ღერი თმა არ ჩამოვარდნია და არ ჩამოუვარდება. მათთვის ფასების აწევის თითო-ოროლა მცდელობაც ჩვენვე დავგმეთ.

მე ის თაობა ვარ, რომელსაც სოხუმი და ცხინვალი ფოტოებით უნახავს, მოგვეცით უფლება, ამ შეხსენების გადაძახილით მაინც შევინარჩუნოთ ემოციური რწმენა, რომ იქ დავბრუნდებით. ნუ გადაგვძალავთ ჩვენებური ოცდაათი ვერცხლით - ოცდაჩვიდმეტი მანეთით. 

ის ხალხი კი, ვისაც ტაო-კლარჯეთი მონასტერი ჰგონია და იშხანი თევზი, სხვა ქვეყნების ოკუპაციას რატომ არ ახსენებო, ამის ყიჟინით ნუ დაიღლის თავს.

რუსეთი არა დამპყრობლური ომების ეპოქაში, არამედ მათივე თანხმობით დადგენილ გაეროს საზღვრების ერაში დაგვესხა თავს. და რაც აქ და ახლა ხდება, მოდი ის ვაპროტესტოთ ჯერ. არ დავივიწყოთ!", - წერს გიორგი კეკელიძე.