ნიკა მელიას მონიტორინგის მიზნით ელექტრონული სამაჯური გაუკეთდება
ამობეჭდვა · 02 / 07 / 2019 13:25
ნიკა მელიას მონიტორინგის მიზნით ელექტრონული სამაჯური გაუკეთდება

საათის ნაცვლად ელექტრონულ სამაჯურს გავიკეთებ, მაგრამ ეს ვერ შემზღუდავს და არ შევიზღუდავ თავს პოლიტიკური საქმიანობისგან, პარლამენტში სიარულისგან, - ამის შესახებ "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ მას პოლიტიკური საქმიანობა შეეზღუდოს.

„მას შემდეგ, რაც თბილისი საქალაქო სასამართლოში მოსამართლეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთებინა, იმ ღამეს გადაიფიქრა ჩემი დაპატიმრება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, ალბათობა იმისა, რომ ძალაში დატოვებდნენ იმ გადაწყვეტილებას, რაც საქალაქომ მიიღო, იყო მოსალოდნელი, თუმცა რთულია "ქართული ოცნების" მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესწავლას ამ დუნიაზე ვერავინ შეძლებს. ის, რომ ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა, ეს არის პირდაპირი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან, ახლა დამიმატეს რაღაც სამაჯური უნდა გავიკეთო და ასე უნდა მოხდეს ჩემი გადაადგილება. ელექტრონული მონიტორინგი ელექტრონულ სამაჯურს გულისხმობს, ჩვენ ასე გავიგეთ.

ეს არის მკვეთრად წინააღმდეგობაში მოსვლა კონსტიტუციასთან და საპარლამენტო რეგლამენტთან. მე ისეთივე დეპუტატი ვარ, ისეთი ვე პარლამენტის წევრი ვარ, თავისი უფლებებით და ვალდებულებით, როგორი არის დანარჩენი 149. პარლამენტის წევრს ეუბნებიან, არათუ შეეშვი პოლიტიკურ საქმიანობას და სახლში იჯექი, არამედ საპარლამენტო საქმიანობაც არ აწარმოო. საკონსტიტუციო სასამართლოშიც გავასაჩივრებთ იმ მუხლს, რომლითაც პოლიტიკური საქმიანობა შემეზღუდა. როდესაც ჩაინიშნება პარლამენტში სხდომა, მე აუცილებლად შევატყობინებ პროკურატურას, რახან ასე უნდათ. აუცილებლად გამოვალ სახლიდან და მივალ სხდომაზე დასასწრებად. თუ მოქმედ დეპუტატს პარლამენტში მოსვლის გამო დააკავებენ, მათ სინდისზე და ნამუსზე იყოს. ისინი ცდილობენ, პოლიტიკური საქმიანობისგან მაქსიმალურად ჩამომაშორონ. აუცილებლად ვივლი არა მარტო პარლამენტში, არამედ ყველა იმ შეხვედრაზე, რომელზეც აქამდე დავდიოდი, იქნება ეს აბაშა, ზუგდიდი, ქუთაისი თუ თერჯოლა. ცდილობენ, პოლიტიკური საქმიანობისგან მაქსიმალურად ჩამომაშორონ. აუცილებლად ვივლი პარლამეტში და ყველა იმ შეხვედრაზეც, რომელზეც დავდიოდი. კი ბატონო, ვაცნობებ,“ -განაცხადა მელიამ.

ცოტა ხნის წინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მელიასთვის გირაოს შეფარდების შესახებ უცვლელი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, მის მიმართ დამატებითი შეზღუდვებიც დაწესდა - ის საცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციაც ეკრძალება.

მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ტეგები