დედაქალაქის მერია ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების შესახებ სემინარს ჩაატარებს
ამობეჭდვა · 03 / 07 / 2019 13:22
 დედაქალაქის მერია ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების შესახებ სემინარს ჩაატარებს

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური  კომპანია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით, მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების შესახებ სემინარს ჩაატარებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, იმისთვის, რომ დედაქალაქში ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდოს, ამ მიმართულებით მერია მასტერკლასებს და სემინარებს  მუდმივად ატარებს. 

“საუკეთესო მახასიათებლები, რომელიც ჩვენს ქალაქს, ქვეყანას გააჩნია, აუცილებლად სწორად უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც ქვეყნის საკეთილდღეოდ, ასევე, ეკონომიკური განვითარებისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამას სჭირდება ხელშეწყობა, განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სერვისების გაუმჯობესება. ამისთვის, რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერიის მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა. ამისი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ის, რომ დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდის და ამ სფეროში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერია პერიოდულად ატარებს მასტერკლასებს და სემინარებს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, სემინარი, რომელიც 9 ივლისს ჩატარდება, ამ სფეროს წარმომადგენლებსწ კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება. 

„სემინარი შეეხება მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების მიმოხილვას, ფასების დინამიკას, კონკურენციას, დატვირთვას, ტურისტულ ელექტრონულ პლატფორმებს, ასევე, სასტუმროების პოზიციონირებას, კრიზისული პერიოდების მართვას, სპეციალურ საბანკო პროდუქტებს, დონორების პროგრამებს. გარდა ამისა, მინდა „საქართველოს ბანკს“ თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. მათი წარმომადგენლები ისაუბრებენ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კონკრეტულად ამ სფეროში“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, მსგავსი სემინარები უახლოეს მომავალში, ასევე, გიდებისთვის და Airbnb და booking-ზე განთავსებული ბინების მეპატრონეებისთვისაც გაიმართება. 

„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. იზრდება სასტუმროებისა, ჰოსტელებისა და  კაფე-ბარების რაოდენობა. ეს ყოველივე თითოეულ მოქალაქეზე აისახება. დასაქმების ადგილები იქმნება, მათ შორის ახალგაზრდებისთვის. ამ პროცესს ხელი უნდა შევუწყოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

სემინარების ჩატარების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც მსურველები დარეგისტრირებას შეძლებენ.