ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონზე გამოსვლა დაასრულა
ამობეჭდვა · 04 / 07 / 2019 19:03
ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონზე გამოსვლა დაასრულა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრიდან გამოეთიშა უიმბლდონის გათამაშებას. ქართველი ჩოგბურთელი პრაქტიკულად უშანსოდ იყო ბრიტანელი დანიელ ევანსის წინააღმდეგ და სამ სეტში წააგო – 3:6 2:6, 6:7(2). შეხვედრა საათი და 57 წუთი გაგრძელდა.

პირველ სეტში ორივე ჩოგბურთელს ჰქონდა პრობლემები საკუთარ მოწოდებაზე – პირველ ორ გეიმში მათ ბრეიკები გაცვალეს და მომდევნო გეიმებშიც არა ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მიიღეს. ბასილაშვილმა ეს შანსები ვერ გამოიყენა, ევანსმა კი 2:3-დან ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და სეტებში დაწინაურდა.

ამის შემდეგ, ბრიტანელმა კიდევ უფრო დიდი უპირატესობა მოიპოვა. მეორე სეტი მან ორი ბრეიკით მოიგო, მეტოქეს კი ერთადერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა, მესამე სეტი კი ბრეიკით დაიწყო და 2:0 დაწინაურდა. წინა წრეში, ბასილაშვილმა სწორედ ასეთი კრიტიკული მომენტიდან შემოატრიალა მატჩი ჯეიმს უორდთან და შანსი ამჯერადაც მიიღო, როცა ბრეიკი შეასრულა მაშინ, როცა მეტოქე მატჩზე აწვდიდა. პარტია ტაი-ბრეიკზე გადავიდა, იქ კი ევანსმა გაცილებით უკეთ ითამაშა და 7:2 მოიგო.

ბასილაშვილს ძალიან ცუდი სტატისტიკური მაჩვენებლები ჰქონდა – პირველი მოწოდებით ქულების 59 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 44 პროცენტი, მეტოქეს 16 ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა, აგრეთვე, 48 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

ბასილაშვილმა დაასრულა უიმბლდონზე გამოსვლა. მეორე წრეში გასვლით მან შარშანდელი შედეგი გააუმჯობესა, 35 სარეიტინგო ქულა მოემატა და ახლა, ATP-ის “ცოცხალ” რეიტინგში მისთვის სარეკორდო მე-15 ადგილზეა.