„გავრილოვის სია“ - "ნაცმოძრაობა" პარლამენტს დადგენილების პროექტით მიმართა
ამობეჭდვა · 05 / 07 / 2019 11:38
„გავრილოვის სია“ - "ნაცმოძრაობა" პარლამენტს დადგენილების პროექტით მიმართა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასების, მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენისა და „გავრილოვის სიის“ შედგენის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი მოამზადა.
პროექტის მიხედვით, 2019 წლის 20 ივნისის მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაზე, სერგეი გავრილოვისა და სხვა რუსი დეპუტატების დასწრება და სიტყვით გამოსვლა უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი.

ასევე უნდა დაევალოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა საკითხების კომიტეტს იმ რუსი პოლიტიკოსების სიის შედგენა, რომელთა ვიზიტიც საქართველოში იქნება მიუღებელი, იმის მიუხედავად, დარღვეული აქვთ თუ არა მათ კანონი ოკუპაციის შესახებ.

დადგენილების პროექტის მესამე პუნქტში, ოპოზიცია მოითხოვს, დაევალოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს შეადგინოს პასუხისმგებელ პირთა სია, როგორც სერგეი გავრილოვისა და რუსი დეპუტატების ქვეყანაში მოწვევაზე, ასევე 20 ივნისის ღამეს მოქალაქეების დარბევაზე.

ასევე უნდა შედგეს იმ პირთა სია, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, დაადანაშაულა - „შესაბამისად ითანამშრომლა რუსეთთან მათი მოთხოვნის შესაბამისად, დასჯილიყო საქართველოს პარლამენტიდან გავრილოვის გაგდებაზე პასუხისმგებელი დეპუტატი.“

დადგენილების პროექტში წერია, რომ აღნიშნულ სიაში შეყვანილი უნდა იყვნენ ის დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას.

„ნაციონალურ მოძრაობა“ დადგენილების პროექტს პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს.
 

ტეგები