მღვდლების მიერ აჭარლების შევიწროებაზე განცხადების მერე ქარელის ვიცე-მერი გადადგა
ამობეჭდვა · 05 / 07 / 2019 13:47
მღვდლების მიერ აჭარლების შევიწროებაზე განცხადების მერე ქარელის ვიცე-მერი გადადგა

ქარელის ვიცე-მერი თანამდებობიდან გადადგა. qartli.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ნუგზარ დაბრუნდაშვილმა გუშინ საღამოს მიიღო.

მისი თქმით, თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა: ,,რატომ წავედი სამსახურიდან, ეს უკვე ჩემი საქმეა. მივდივარ სახლში" - განაცხადა ნუგზარ დაბრუნდაშვილმა.

უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა ძამას ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, ამის თაობაზე, ნუგზარ დაბრუნდაშვილმა საუბარი აღარ ისურვა.

ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ის გუშინ სასულიერო პირებთან შეხვედრას აპირებდა.

შეგახსენებთ, რომ ქარელის ვიცე-მერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ხეობა ათობით ოჯახმა დატოვა. ამის მიზეზი კი სასულიერო პირების მიერ, ადგილობრივ მცხოვრებლებზე განხორციელებული ზეწოლაა. ქარელის ხელისუფლების მაღალჩინოსანი ამბობს, რომ სასულიერო პირები ადგილობრივებს არამარტო რელიგიური, არამედ სხვა ნიშნითაც დევნიან. აჭარელი ეკომიგრანტები, რომლებმაც ხეობა სასულიერო პირების სავარაუდო შევიწროვების შედეგად დატოვეს, მუსლიმები არიან.

ვიცე მერი საკუთარ პოზიციას იმ რეალობით ამყარებს, რა რეალობაც გვერძინეთის სკოლაშია. კერძოდ, აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 3-4 წლის წინ თუ 60 ბავშვი სწავლობდა, ახლა მათი რიცხვი მხოლოდ 11-ს აღწევს.

ტეგები