თამარ ხულორდავა საქართველოში ფინეთის ელჩს, არია მაკონენს შეხვდა
ამობეჭდვა · 05 / 07 / 2019 17:46
თამარ ხულორდავა საქართველოში ფინეთის ელჩს, არია მაკონენს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ფინეთის ელჩს საქართველოში, არია მაკონენს შეხვდა.

მხარეებმა ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებზე, ევროპარლამენტის არჩევნებზე, საპარლამენტო კომიტეტებისა და დელეგაციების ფორმირებაზე აგრეთვე, ბრექსიტის შედეგებზე და მიგრაციის პრობლემებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე პროგრამებზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც ფინეთსა და რუსეთს შორის, ასევე, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე.

თამარ ხულორდავამ ხაზი გაუსვა ასეთი მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრების დროს საქართველოს მიმართ რუსეთის შეუსრულებელ ვალდებულებებზე განსაკუთრებული აქცენტის საჭიროებას.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკების შესახებ. ასევე, საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. თამარ ხულორდავამ შეხვედრისას, ხაზი გაუსვა საქართველოსთვის უფრო სტაბილური ბაზრების მათ შორის, ევროკავშირის ბაზრის ათვისების და მასზე დამკვიდრების აუცილებლობას.

საუბარი ასევე, შეეხო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მათ შორის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ქართველმა კანონმდებელმა სტუმარს გააცნო ის პრობლემები, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას სდევს თან. მათ შორის, მისაღები ეროვნული გამოცდების წინ გამშვები პუნქტის ჩაკეტვას აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე. კომიტეტის თავმჯდომარემ ფინეთის ელჩს საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს საქართველოს საკითხების წინა პლანზე წამოსაწევად მხარდაჭერა სთხოვა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობისას ფინეთი ხელმძღვანელობს ევროკავშირის პრინციპებით და ემხრობა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს. მისი თქმით, ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის დროს ხშირად განიხილება ისეთი პრობლემური საკითხები, როგორც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებია.

სტუმარმა თამარ ხულორდავას ფინეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისა და მთავრობის ფორმირების შედეგები გააცნო. მან ასევე ისაუბრა ფინეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის შესახებ. მისი თქმით, ევროპის მდგრადი მომავლისთვის, ფინეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა თანასწორობის განმტკიცებას, გარემოს დაცვას, ევროპის ერთიანი ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას, კანონის უზენაესობას და დემოკრატიას, განათლების სფეროს და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას.

ტეგები