მალტამ მიგრანტებით სავსე გემი პორტში არ შეუშვა
ამობეჭდვა · 07 / 07 / 2019 17:22
მალტამ მიგრანტებით სავსე გემი პორტში არ შეუშვა

მალტამ მიგრანტებით სავსე გემი პორტში არ შეუშვა. როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაციის გემი სახელად „ალან კურდი“ იტალიის კუნძულ ლამპეზუდას სანაპიროსთან ქვეყნის ხელისუფლების პასუხს რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდა, რის შემდეგაც გემის კაპიტანმა გეზის მალტისკენ აღება გადაწყვიტა, თუმცა ჰუმანიტარული გემი არც მალტაში შეუშვეს.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, გემის კაპიტანი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს, რადგან დარწმუნებულია, რომ მალტის ხელისუფლება პორტში შესვლის უფლებას მისცემს, ამისთვის კი მიგრანტების მიღების პირობა გერმანიამ და სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმა უნდა დადონ.

როგორც ცნობილია, „ალან კურდის“ ბორტზე 65 მიგრანტი იმყოფება. გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაციის წევრებმა ისინი ხმელთაშუა ზღვაში ჩატარებული ოპერაციის დროს გადაარჩინეს.

ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ გემს სახელი „ალან კურდი“ სამი წლის სირიელი ბიჭის საპატივცემულოდ შეურჩია. ალან კურდი 2015 წელს ოჯახთან ერთად ევროპაში მოხვედრას ხმელთაშუა ზღვის გავლით ცდილობდა, თუმცა მათი მოგზაურობა ტრაგიკულად დასრულდა. პატარა ბიჭის ცხედარი თურქეთის სანაპიროზე გამოირიყა. მალევე ტრაგიკული ფაქტის ამსახველი ფოტო მიგრაციული კრიზისის სიმბოლოდ იქცა.