რუსი დეპუტატი: საქართველოს ტელევიზია პერსონაჟ გაბუნიას სახით იმდენად დაეშვა ფსკერზე, რომ ძნელია რაიმე გაგვიკვირდეს
ამობეჭდვა · 08 / 07 / 2019 10:55
რუსი დეპუტატი: საქართველოს ტელევიზია პერსონაჟ გაბუნიას სახით იმდენად დაეშვა ფსკერზე, რომ ძნელია რაიმე გაგვიკვირდეს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის წევრი ევგენი პრიმაკოვი აუცილებლად მიიჩნევს, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობის გაყინვას“ ქართველი წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ.

„საქართველოს ტელევიზია პერსონაჟ გაბუნიას სახით იმდენად „დაეშვა ფსკერზე“, რომ ძალიან ძნელი იქნება კიდევ რაიმე გაგვიკვირდეს. დიახ, საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო პერსონაჟი გაბუნია. მაგრამ ბოდიში არ გაგვიგია. როგორც ჩანს, პირდაპირი რეისების გაუქმებიდან დღემდე პაუზა გაიწელა. იქნება გაგრძელება“, - დაწერა პრიმაკოვმა თავის „ტელეგრამ-არხში“.

სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ერთი ტელეწამყვანის გამო მთელი საქართველო დაზარალდება.

„მაგრამ სწორედ ასე იქნება. თან შემდგომში კიდევ უფრო უემოციოდ, ავტომოპასუხის რეჟიმში. სიბინძურე - სანქცია, კიდევ სიბინძურე - კიდევ სანქცია. ჭურჭლის მტვრევისა და ყვირილის გარეშე, სანამ არ გამომუშავდება სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებისათვის სასარგებლო პირობითი რეფლექსები“, - დაწერა პარლამენტარმა.

პრიმაკოვმა საქართველო რუსეთის ურთიერთობებზე განაცხადა, რომ „ის უნდა გაიყინოს.“ ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. ვლადიმერ პუტინს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს. მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია გაიმართა. 

interpressnews.ge

ტეგები