ევროპულმა თამაშებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველო ჩემპიონების სამშობლოა - მამუკა ბახტაძე
ამობეჭდვა · 09 / 07 / 2019 15:44
ევროპულმა თამაშებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველო ჩემპიონების სამშობლოა - მამუკა ბახტაძე

ევროპულმა თამაშებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველო არის ჩემპიონების სამშობლო; 30 მედალი და მედლების რაოდენობით მეხუთე ადგილი მართლაც უნიკალური წარმატებაა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპული თამაშების მედალოსნებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სპორტულ ფედერაციებს,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიურ კომიტეტს ქართველი გულშემატკივრის სახელით მადლობა გადაუხადა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.

„ქართველი ადამიანის გენში არის ჯანსაღი ცხოვრება და სწრაფვა პირველობისკენ. მე, როგორც ყოფილმა სპორტსმენმა, კარგად ვიცი, რომ შედეგი მოდის მხოლოდ ძალიან მძიმე შრომით მიიღწევა. ის ფაქტი, რომ ჩვენ ორჯერ გავზარდეთ მედლების რაოდენობა წინა თამაშებთან შედარებით, უნიკალური წარმატებაა და თითოეული თქვენგანი ნამდვილი გმირია. 30 მედალი და მედლების რაოდენობით ევროპაში მეხუთე ადგილი არის უზარმაზარი წარმატება, თქვენი, მწვრთნელებისა და ფედერაციის დამსახურება და ქართველი ხალხის სახელით დიდ მადლობას გიხდით. სპორტი მხოლოდ საერთაშორისო ტურნირებზე მიღწეული წარმატება არ არის. ჩემთვის სპორტი არის საშუალება, რომ ჩვენ, როგორც ერმა, შევძლოთ ჩვენი ნიჭის წარმოჩინება და ვაჩვენოთ მომავალ თაობებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს. თითოეული თქვენგანი არის მაგალითი მომავალი თაობისთვის, საქართველო თქვენით ამაყობს“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა სპორტსმენებს.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოს ძალიან დიდი წარმატებები აქვს პროფესიულ სპორტში, მაგრამ მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს სპორტში ყველა ახალგაზრდის მასობრივი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

მინსკის მეორე ევროპული თამაშები  საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული შედეგით დასრულდა. ქართველმა სპორტსმენებმა სპორტის შვიდ სახეობაში 30 მედალი მოიპოვეს. მათ შორის 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი. თამაშებში ევროპის 50 ქვეყნის 4000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.