გოგი მეშველიანი: „ერთადერთი ალტერნატივა გახლავთ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება და ღია, გახსნილი დიალოგი ყველა პრობლემურ საკითხზე რომელიც ქვეყნის მომავალს ეხება“
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2019 17:16
გოგი მეშველიანი: „ერთადერთი ალტერნატივა გახლავთ  მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება და ღია, გახსნილი დიალოგი ყველა პრობლემურ საკითხზე რომელიც ქვეყნის მომავალს ეხება“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გოგი მეშველიანი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შედეგებს აანალიზებს და გამოსავალს მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებაში ხედავს.



როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისთვის ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი გზა ქვეყნისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნა, ხალხის გაღატაკება, ლარის გაუფასურება და ხალხის უკმაყოფილების გაზრდაა. „სწორედ ამიტომ ვერ დამალეს მათ იმედგაცრუება, როდესაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რუსეთის მხრიდან სანქციები არ დაუწესდებოდა და მათი მიზანი, რომ შეეფერხებინათ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, შეემცირებინათ მოსახლეობის შემოსავლები, კახეთს გაჭირვებოდა ყურძნის რეალიზაცია, შეწყვეტილიყო ვაჭრობა, ვერ ამუშავებულიყო ბოლო დროს ახალგახსნილი სასტუმროები, გაჩერებულიყო რესტორნები და კაფეები, პრობლემები შექმნოდა ტრანსპორტის სფეროს, ბევრ ჩვენს მოქალაქეს დაეკარგა სამსახური - არ შესრულდა“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.



დეპუტატის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან სანქციების დაწესების შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობა, დაახლოებით, 4 მლრდ ლარის შემოსავალს დაკარგავდა, აქედან, 2 მლრდ ლარზე მეტს რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შეჩერების შემთხვევაში. მისივე მოსაზრებით, ქართულ აგროსასურსათო პროდუქციაზე ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, 2019 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში ექსპორტის სავარაუდო დანაკარგები 400 მლნ-ლარზე მეტი იქნებოდა, ხოლო ფულადი გზავნილების შესაძლო აკრძალვა კიდევ, დაახლოებით, 1მლრდ 300 მლნ ლარის ზარალს მოიტანდა.



დეპუტატის აზრით, დესტაბილიზაციის მცდელობებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო: ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპი შემცირდა, ასევე შემცირდა ლარის ღირებულება, საკურორტო ზონებში სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა. „გასათვალისწინებელია თანმდევი ეფექტებიც, კერძოდ, სხვა ქვეყნებიდან და სხვა დარგებიდან მისაღები შემოსავლების შემცირების რისკი, რაც ქვეყნის ეკონომიკის შემცირებას და დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას ავტომატურად მოჰყვება“, - აღნიშნა გოგი მეშველიანმა. მისი თქმით, ბოლო მოვლენებმა, დესტრუქციული და უკიდურესად ექსტრემისტული პოლიტიკური ძალის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სრული ლუსტრაცია მოახდინა.



„ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება და განსაკუთრებით ახალგაზრდობა კარგად აცნობიერებს იმ რისკებს, რაც დესტაბილიზაციის გამუდმებულმა მცდელობებმა შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას. ერთადერთი ალტერნატივა გახლავთ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება და ღია, გახსნილი დიალოგი ყველა პრობლემურ საკითხზე რომელიც ქვეყნის მომავალს ეხება“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.