დავით სონღულაშვილი: „ნებისმიერი ექსტრემისტული განცხადება და მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობის ჩვენი მხრიდან ცალმხრივი შეწყვეტა ან უარის თქმა საექსპორტო ბაზრებზე, მოსახლეობის მხრიდან აღიქმება როგორც მიზანმიმართული საბოტაჟი“
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2019 17:28
დავით სონღულაშვილი: „ნებისმიერი ექსტრემისტული განცხადება და მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობის ჩვენი მხრიდან ცალმხრივი შეწყვეტა ან უარის თქმა საექსპორტო ბაზრებზე, მოსახლეობის მხრიდან აღიქმება როგორც მიზანმიმართული საბოტაჟი“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს დავით სონღულაშვილს მიაჩნია, რომ რეგიონში არსებული პრობლემების ფონზე, რაც გამოწვეულია თურქეთში მიმდინარე სავალუტო კრიზისით, მეზობელი ქვეყნების არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობით, მნიშვნელოვანია, საქართველოში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ. მისი ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, საქართველო დღეს სტაბილური ლიდერია რეგიონში, თუმცა ნებისმიერი გარემოება, რომელიც დესტაბილიზაციის კერებს აჩენს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირპროპორციულად აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

„გარდა საერთო ეკონომიკური მაჩვენებლებისა, ყურადღებით ვაკვირდები სუბრეგიონულ ინდიკატორებსაც. მაგ. კახეთში, წელს მთავრობისა და კერძო სექტორის მჭიდრო და თანმიმდევრული თანამშრომლობის შედეგად, ყველა ბარიერი და ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია ატმის მოსავლის ექსპორტის თვალსაზრისით. საექსპორტო ფასი საშუალოდ 2-ჯერ არის გაზრდილი და მოსავლის დაბინავებისა თუ ექსპორტზე გატანის ყველა ხელშემწყობი ბერკეტია ამოქმედებული. იგივე შემიძლია ვთქვა ყურძნის მოსავალსა და რთველის პროცესზე. ამიტომ ნებისმიერი ექსტრემისტული განცხადება და მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობის ჩვენი მხრიდან ცალმხრივი შეწყვეტა ან უარის თქმა საექსპორტო ბაზრებზე, მოსახლეობის მხრიდან აღიქმება, როგორც მიზანმიმართული საბოტაჟი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.



მისი მოსაზრებით, დღეს საქართველოს სჭირდება სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება. მისი თქმით, ეკონომიკის და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია არ არის ერთი და ორი დღის საქმე. „თუ შევადარებთ 2012 და 2018 წლის შედეგებს, ღვინის ექსპორტის მიმართულებით, მკაფიოდ ჩანს, რომ 6-7 წლის წინანდელი რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების 80-პროცენტიანი ნიშნულიდან ჩვენ შევძელით დამოკიდებულება მკვეთრად შეგვემცირებინა და დღეს რუსეთის ბაზარზე ექსპორტი მთელი ღვინის ექსპორტის მხოლოდ 58 პროცენტია. 2019 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ დაიკლებს და უახლოეს მომავალში სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. მისი თქმით, იგივე ეხება ტურისტული ნაკადების მოცულობასაც. კახეთში აქცენტი მაღალმხარჯველ ქვეყნებსა და ტურისტებზეა გაკეთებული.



ტურისტული ნაკადების მოზიდვისა და საოჯახო მარნების პროგრამის გაძლიერება საშუალებას მოგვცემს ტურისტული შემოსავლების მოცულობა და გადანაწილების მასშტაბურობა გაიზარდოს, რაც კახეთში დოვლათის შექმნისა და მისი გადანაწილების საზღვრებს გააფართოებს და ეკონომიკურ საქმიანობაში მეტ მოსახლეს ჩართავს.



„მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ამ დღეებში გაკეთებული განცხადებები სამართლიან გულისწყრომას იწვევს კახელ მეღვინეებსა და მევენახეებში, ტურისტულ ინდუსტრიაში ჩაბმული ათასობით ოჯახის წარმომადგენლებში. ჩემთვის მიუღებელი და შემაშფოთებელია, რომ პოლიტიკური ქულების ჩაწერას, დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობას უსამართლოდ ეწირება ათიათასობით ადამიანის ნაშრომი. კახელების პოზიცია არის ცალსახა: არ უნდა დაზიანდეს სახელმწიფოს ინტერესები და, ამავდროულად, არ უნდა დაზიანდეს მოსახლეობის ინტერესები, ულუკმაპუროდ არ უნდა დარჩნენ ადამიანები, რომლებმაც მთელი წელი საკუთარი მოსავლის მისაღებად იბრძოლეს და იშრომეს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.



ლარის გამყარების ერთ-ერთი გასაღებს დეპუტატი ექსპორტის გაძლიერებასა და სტაბილურ ქვეყნებთან ვაჭრობის გაფართოებაში ხედავს.