ირაკლი მეზურნიშვილი: „სტაბილურობის განცდა არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ განვვითარდეთ, ჩვენი ვალუტა იყოს სტაბილური და ინვესტიციების მოზიდვის პროცესი ინტენსიური“
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2019 17:46
ირაკლი მეზურნიშვილი: „სტაბილურობის განცდა არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ განვვითარდეთ, ჩვენი ვალუტა იყოს სტაბილური და ინვესტიციების მოზიდვის პროცესი ინტენსიური“

„ის პროცესები, რომელიც განვითარდა 20 ივნისის შემდეგ იყო ძალიან მძიმე და დიდი დარტყმა ჩვენს ეკონომიკაზე. სტაბილურობის განცდა არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ განვვითარდეთ, ჩვენი ვალუტა იყოს სტაბილური და ინვესტიციების მოზიდვის პროცესი ინტენსიური. მავნებლურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს დაანგრიოს ქართული ეკონომიკა საპროტესტო აქციებით, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით და იმ ნაბიჯებით, რომელსაც ის დგამს“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა.



მისი შეფასებით, ქვეყანაში განვითარებულმა პროცესებმა, არასტაბილურმა გარემომ, მუდმივმა საპროტესტო აქციებმა და სიტუაციის მუდმივმა ესკალაციამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია როგორც ტურიზმზე, ასევე, ქვეყნის ეკონომიკაზე. მისივე განცხადებით, განვითარებად ქვეყანაში და განვითარებად ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს სტაბილურობის განცდა, როგორც ინვესტორებისთვის ასევე, ტურისტებისთვის, რაც პირდაპირ ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.



„ის რისკი რაც დადგა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის ჭრილში და რაც გულისხმობს ჩვენი ექსპორტის შესაძლო აკრძალვას, ემბარგოს და რიგ სანქციებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სანქციების მიღებაზე უარი განაცხადა, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით მომდევნო თვეების განმავლობაში რა მოყვება ამას და როგორ მოიქცევა რუსეთი. იმ ყველაფრის რისკის ქვეშ დაყენება, რაც მილიარდობით ლარს გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უდიდესი დარტყმა იქნებოდა და რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა იმ ძალას აკისრია, რომელმაც უმსგავსო ნაბიჯები გადადგა“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.



მისი განცხადებით, უნდა მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაცია და კონსოლიდაცია, რათა გადაილახოს ის გამოწვევები, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. მისივე თქმით, უნდა მოხდეს რეფორმების კიდევ უფრო დაჩქარება, ბაზრის დივერსიფიცირება, თუმცა, ამავდროულად, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის შენარჩუნებაც მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს ასეულობით ათასი ქართველი ოჯახის ინტერესებშია.



„უნდა მოხდეს ბაზრის დივერსიფიცირება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსულ ბაზარზე ჩვენ უარს ვამბობთ. პირიქით, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ დავიბრუნოთ რუსი ტურისტები, რომლებიც საბოლოო ჯამში ჩვენი „ელჩები“ ხდებიან იგივე რუსეთში თუ სხვა ქვეყნებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც რუსული ბაზრის შენარჩუნება და განვითარება ასევე, სხვა ბაზრებიდან კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით ტურისტების მოზიდვა და ექსპორტის გაზრდა. ეს ორი მოვლენა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, პირიქით ავსებს ერთმანეთს და ამცირებს პოტენციური რისკების ალბათობას მაღალი დივერსიფიკაციის წყალობით“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.



მისი თქმით, ტურისტების ჩამოსვლა, მეღვინეობის განვითარება და ღვინის ექსპორტი, ეს ის სფეროებია, რომლებიც რეალურად ჰქმნიან სამუშაო ადგილებს და მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის კეთილდღეობა.



მისივე შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ასევე უარყოფითად აისახება ეროვნულ ვალუტაზე.



„ის რაც დღეს ხდება ლართან მიმართებაში, პირდაპირი მაჩვენებელია იმისა, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში განხორციელდა. ეს არის ნეგატიური მოლოდინები, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გავლენა ლარის კურსზე. მართალია ეს ნეგატიური მოლოდინები დროებით შერბილდა, თუმცა ქვეყანაში მომდინარე მიზანმიმართულმა პროვოკაციულმა პროცესებმა შესაძლოა ნეგატიური მოლოდინები კვლავ გააღვივოს, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს„ - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.