პაატა კვიჟინაძე: „ოპოზიციის იმ ნაწილის გამო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოს კეთილდღეობასთან, დაუშვებელია რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა“
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2019 18:48
პაატა კვიჟინაძე: „ოპოზიციის იმ ნაწილის გამო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოს კეთილდღეობასთან, დაუშვებელია რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა“

„პოზიციის იმ ნაწილის გამო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოს კეთილდღეობასთან დაუშვებელია რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა“, - აღნიშნული განცხადება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ გააკეთა.



მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც საგარეო ვაჭრობას, ფულად გზავნილებს და ტურიზმს მოიცავს.



„რუსეთი საქართველოსთან საგარეო ვაჭრობის კუთხით, მეორე ადგილზეა, თურქეთის შემდეგ. თუმცა, ხარისხობრივად რუსეთი უფრო მნიშვნელოვანია, რადგან თურქეთიდან ვაწარმოებთ მხოლოდ იმპორტს, ხოლო რუსეთთან ექსპორტს. 2019 წლის მონაცემებით, ექსპორტის მხრივ, რუსეთი პირველ ადგილზეა. ეს იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულია უამრავი ხალხი და ბიუჯეტში შესულია უამრავი თანხა. რუსეთი არის ოკუპანტი და საშიში ქვეყანა. ამ კუთხით, შესაძლოა ვაჭრობას შეექმნას პრობლემა, მაგრამ ვიღაც ჟურნალისტის გამო, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და რაღაც მარგინალური ჯგუფის გამო, ეს არ უნდა მოხდეს, არავითარ შემთხვევაში“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.



მისი განცხადებით, 2018 წელს ფულადი გზავნილების სახით, ქვეყანაში შემოსული თანხების მესამედი სწორედ რუსეთიდან იყო გადმორიცხული.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან ეწვია. „რუსეთი საქართველოს მიმართ ახდენს რბილი ძალის პოლიტიკას, თუმცა ჩვენი მხრიდანაც რბილი ძალის ზემოქმედებაა, როდესაც მილიონობით რუსი ტურისტი საქართველოში ჩამოდის“, - აღნიშნა დეპუტატმა. მისი განცხადებით, თუ საქართველოს რუსეთისგან ეკონომიკური სანქციები დაუწესდება იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.



პაატა კვიჟინაძის განცხადებით, საქართველომ აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დაიბრუნოს მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებებით, ევროკავშირისა და ამერიკის მხარდაჭერით და არავითარ შემთხვევაში რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტით.



„იმ შემთხვევაში თუ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი წყდება, ან გვიღებენ ევროკავშირში და ნატოში - შესაძლოა, რუსეთმა ასეთი რამე გააკეთოს, მაგრამ ეს უნდა ღირდეს, რადგან აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ იმის გამო, რომ ოპოზიციის მცირე ნაწილს უნდა ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია, უფრო მეტი გაჭირვება და პრობლემა ჰქონდეს ადამიანებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მთავრობის წინააღმდეგ არეულობა, მათ ჭკუაზე ჩვენ ვერ წავალთ და ეს დაუშვებელია“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.