აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიხსნა
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2019 11:13
აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიხსნა

ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ღონისძიება, რომელშიც 400-ზე მეტი დელეგატი დარეგისტრირდა, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს. ფორუმში საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანია, როგორც კიდევ ერთი პლატფორმა საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამასთან, ის იძლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საშუალებას.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სამი სესია, სადაც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის საკითხებზე იმსჯელებენ. ფორუმის პირველ სესიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მონაწილეობს. ღონისძიება ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით იმართება.

ფორუმის პირდაპირ ტრანსლაციას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე.

 

ტეგები