არჩილ თალაკვაძე: დემოკრატიის ამ დონეს, მიღწევებსა და უსაფრთხოებას ევროკავშირისგან უფრო ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერა ჭირდება
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2019 11:15
არჩილ თალაკვაძე: დემოკრატიის ამ დონეს, მიღწევებსა და უსაფრთხოებას ევროკავშირისგან უფრო ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერა ჭირდება

„როგორც ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წარმომადგენელი, მოგმართავთ ხალხის გზავნილით - დემოკრატიის ამ დონეს, მიღწევებსა და უსაფრთხოებას სჭირდება თქვენგან უფრო ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერა. დემოკრატია ძლიერი ეკონომიკის გარეშე მდგრადი ვერ იქნება. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ ბრძოლას თავისუფლების, პროგრესის და დემოკრატიისთვის, ასევე, მოაქვს კეთილდღეობა და ცხოვრების ღირსეული პირობები”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნების ფართომასშტაბიანი სტრუქტურული ტრანსფორმაციის ფონზე, ევროკავშირის მიდგომა ანალოგიურად, სტრატეგიული, გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს ერთადერთი გზაა ევროკავშირისთვის, ქართველი ხალხისთვის დარჩეს ენერგიისა და ინსპირაციის წყაროდ.

„ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა. ჩვენ უნდა ავაშენოთ ძლიერი ეკონომიკა, რათა უზრუნველვყოთ თანამედროვე განათლების სისტემა, დასაქმება და ინფრასტრუქტურა. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი, გავაძლიეროთ ჩვენი ხალხის რწმენა, რომ თავისუფლებისთვის, პროგრესისა და დემოკრატიისთვის ბრძოლას კეთილდღეობა და ცხოვრების შესაბამისი სტანდარტი მოაქვს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ტეგები