თამარ ჩუგოშვილი: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც უნდა იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და ამისათვის გვჭირდება ძალიან მკაფიო მესიჯი ევროკავშირის მხრიდან, რომ ეს არის ურთიერთ სურვილი
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2019 17:17
თამარ ჩუგოშვილი: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც უნდა იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და ამისათვის გვჭირდება ძალიან მკაფიო მესიჯი ევროკავშირის მხრიდან, რომ ეს არის ურთიერთ სურვილი

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც უნდა იყოს სრულად დემოკრატიული და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამისათვის ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო აღქმა და მესიჯი ევროკავშირის მხრიდან, რომ ეს სურვილი - ვიყოთ ამ ერთიანი ოჯახის წევრი, ურთიერთ სურვილია. ჩვენ გვიხარია, რომ თანამშრომლობისთვის არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობები და გვინდა, რომ უფრო მეტად დავინახოთ ამ თანამშრომლობის გაფართოება“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ბათუმში მიმდინარე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მე-16 საერთაშორისო კონფერენციის თემატურ სესიაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა - სტიმული დემოკრატიული ცვლილებებისთვის“.

თამარ ჩუგოშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებაზე ორგანიზაციაში რუსეთის დაბრუნების თაობაზე.

„საქართველოსთვის რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს. ეს ნიშნავს მუდმივ საფრთხეს, მუდმივ რისკს ჩვენი უსაფრთხოებისათვის და იმ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის უფლებების დარღვევის კუთხით. სამწუხაროა, რომ რუსეთი დააბრუნეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მიუხედავად ყველა დარღვევისა უკრაინისა და საქართველოს მიმართ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ რუსეთს ეს კარი გაუღო ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ანუ უპირობოდ.

ის მესიჯები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე არის ნამდვილად ცუდი გაკვეთილი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თემატურ სესიაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს იმის თაობაზე, როგორ უწყობს ხელს „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ პარტნიორ ქვეყნებში ეფექტიანი და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ასევე, რამდენად შეძლო გაწეულმა ძალისხმევამ პარტნიორი ქვეყნების საფრთხეებისადმი მდგრადობის გაძლიერება და რამდენად შეამცირა საზოგადოების მოწყვლადობა.





 

ტეგები