მიკროავტობუსიდან ბებია და შვილიშვილი გადავარდნენ - შემთხვევა ბათუმში
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2019 19:55
მიკროავტობუსიდან ბებია და შვილიშვილი გადავარდნენ - შემთხვევა ბათუმში

ბათუმში, აღამაშენებლის ქუჩაზე, მიკროავტობუსიდან ბებია და ერთი წლის ბავშვი გადმოვარდნენ. ამის შესახებ "აჭარის ტელევიზია" წერს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, შემთხვევის შედეგად 52 წლის ქალი მძიმედ დაშავდა და მას სასწრაფოდ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ხოლო მისი ერთი წლის შვილიშვილის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. ისიც ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაშავებული ქალის შვილი ყვება, რომ მიმავალი მიკროავტობუსიდან ქალი და ბავშვი შემთხვევით გადავარდნენ. ამბობს, რომ ტაქსის კარი ღია იყო, ერთი წლის ბავშვი კი ბებიასთან ერთად წინა სავარძელზე იმყოფებოდა. "მძღოლმა სწრაფად დაამუხრუჭა, ქალმა კი თავი ვერ შეიკავა და ბავშვთან ერთად მანქანიდან გადავარდა" - იხსენებს თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო მოკვლევა. ორივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ტეგები