გუშინდელი ეთერის შემდეგ, საზოგადოებას კიდევ უფრო გაუმყარდება აზრი, რომ ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი მინისტრი - მიხეილ ყაველაშვილი
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2019 15:40
გუშინდელი ეთერის შემდეგ, საზოგადოებას კიდევ უფრო გაუმყარდება აზრი, რომ ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი მინისტრი - მიხეილ ყაველაშვილი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა გუშინ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინტერვიუ შეაფასა.

„20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს პარლამენტის შენობიდან ვაკვირდებოდი და ჩემი თვალით ვიხილე თუ რა ხდებოდა. გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუს მოსმენის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სახეზე იყო საშიშროება, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს ელოდა, მაშინ როდესაც ყოვლად უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალებმა მოინდომეს მშვიდობიანი მიტინგის ძალისმიერი პროცესებში გადაყვანა. აღნიშნულ ქმედებებს პირველ რიგში პოლიციელებზე შტურმი და პარლამენტის შენობაში შესვლის მცდელობები მოყვა. აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომელიც განვითარებული მოვლენების შემდეგ დაისვა -  რა მოხდებოდა თუ კი ხალხი, რომ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეიჭრებოდა. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ წლების წინ სწორედ მსგავს ქმედებებს სამოქალაქო ომი, ქვეყნის და მისი ინსტიტუციების ჩამოშლა მოყვა.

მომხდარ მოვლენებზე გამოძიება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 20 ივნისის ღამეს პოლიციის მხრიდან ადგილი ქონდა პროპორციული ძალის გამოყენებას. ასევე მინდა განვაცხადო, რომ სამწუხაროდ, მიტინგის დაშლის პროცესში დაზიანებები მიიღეს როგორც აქციის მონაწილეებმა, ასევე პოლიციის თანამშრომლებმა და ყველა ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან.

დარწმუნებული ვარ, გუშინდელი ეთერის შემდეგ, საზოგადოებას კიდევ უფრო გაუმყარდება აზრი, რომ ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი მინისტრი, რომელიც ისეთი ინსტიტუტის გაძლიერებას ცდილობს, როგორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა“.

მიხეილ ყაველაშვილმა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზა აქვს არჩეული, შესაბამისად უნდა გაძლიერდეს მისი ინსტიტუციებიც და სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ის უწყება, რომელიც მუდმივი რეფორმირების პროცესშია და ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელი, გიორგი გახარია პარლამენტში გამოსვლების დროს არაერთხელ საუბრობს.