არჩილ თალაკვაძე ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2019 16:09
არჩილ თალაკვაძე ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს, კაი საუერს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში გაიმართა, ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო მდივანს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა გააცნო.

არჩილ თალაკვაძემ ნორდიკულ-ბალტიური რვიანის ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, კავშირების გააქტიურებას ხელს შეუწყობს რვიანის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტიც, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე შედგება.

საუბარი შეეხო საპარლამენტო სისტემის მმართველობის სისტემასა და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის შეფასებით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

კაი საუერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთი დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებით. მისივე თქმით, ფინეთი, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, სხვადასხვა მიმართულებით განვითარების მხარდაჭერას.