თამარ ჩუგოშვილი ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2019 17:22
თამარ ჩუგოშვილი ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ირინა ფრუიძესთან ერთად, ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რიჰარდ კოლს შეხვდა.
 
შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე  ისაუბრეს. ხაზი გაესვა ევროკავშირთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
 
აღინიშნა, რომ ბალტიის ქვეყნები საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერები არიან და მათი თანადგომა ამ პროცესში აქტიურად გაგრძელდება.
 
მხარეებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რუსეთის დელეგაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე გაამახვილეს ყურადღება.  შეთანხმდნენ, რომ სექტემბერში საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველო, ლატვია და სხვა პარტნიორი ქვეყნები აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
 
„ჩვენი აზრით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი საპარლამენტო ასამბლეაში უხეში ფორმით დააბრუნა. ეს გადაწყვეტილება აწუხებს ბალტიის ქვეყნებს, მათ შორის, ლატვიას,  ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს - უკრაინას და რამდენიმე სხვა ქვეყანას. მიგვაჩნია, რომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რათა ევროსაბჭოს რეპუტაცია ბოლომდე არ განადგურდეს ბოლო სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით.  ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება უკიდურესად დამაზიანებელია თავად ევროსაბჭოსთვის. შესაბამისად, სექტემბერში გვექნება საკოორდინაციო შეხვედრა ევროსაბჭოს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო შეცდომა და ერთად ვიმუშავებთ, რათა  ჩამოვყალიბდეთ, როგორ ვაგრძელებთ ევროსაბჭოსთან ურთიერთობას ამ მოვლენების განვითარების შემდგომ“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა.