"ბევრი ინტერპრეტაცია მოჰყვა, აბსურდულიც - ვენის კონვენციის დარღვევებზეც იყო საუბარი, ეს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა"
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2019 20:23
"ბევრი ინტერპრეტაცია მოჰყვა, აბსურდულიც - ვენის კონვენციის დარღვევებზეც იყო საუბარი, ეს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა"

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ კიდევ ერთხელ დეტალურად ისაუბრა მედიაში გავრცელებულ იმ ინტერპრეტაციებზე, რაც გუშინ, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა 20 ივნისს დიპლომატებთან კომუნიკაციის შესახებ.

„დღეს რამდენჯერმე გავაკეთეთ განმარტება ამასთან დაკავშირებით და მინდა ვისარგებლო ნათლად განვმარტო რა იყო ნაგულისმები.  სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია მოჰყვა, მათ შორის ზოგიერთი ცოტა აბსურდულიც. ნათლად განვმარტავ, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა გერმანიის ელჩი. დღეს თავად გერმანიის ელჩმაც გააკეთა ამაზე განცხადება მან 20 ივნისის ღამეს განცხადება გააკეთა. იყვნენ მთელი რიგი ელჩები და საელჩოები, რომლებიც პირდაპირ კავშირზე იყვნენ ჩვენთან, მთელი იმ დროის განმავლობაში როცა ხდებოდა ეს მოვლენები. რა თქმა უნდა, არავინ ამბობს, რომ ელჩები იყვნენ ჩართული რაღაცა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში - ეს საერთოდ წარმოუდგენელია. დღეს, ზოგიერთი მედიასაშუალებით ვენის კონვენციის დარღვევებზეც იყო საუბარი. ეს  უბრალოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. მინდა განვმარტო, რომ ვენის კონვენციის 44-ე მუხლი ამბობს, რომ იმუნიტეტის მქონე პირები, ანუ დიპლომატები და მათი ოჯახები, როცა ქვეყანაში ისეთი დონის დაძაბულობაა, როგორიც მაგალითად არის სამხედრო ან შეიარაღებული კონფლიქტი, ასეთ სიტუაციას უნდა გაარიდო და შეუქმნა ყველა საშუალება, რომ გაარიდო ასეთ ვითარებას. ანუ, არ ვიცი საერთოდ რა კავშირშია ვენის კონვენციის დარღვევა იმ მოვლენებთან, მითუმეტეს როცა ჩვენი ოპონენტები ბრძანებენ, რომ იქ საერთოდ დაძაბულობაც არ ყოფილა და მშვიდობიანი აქცია იყო, რომელიც პოლიციამ დაარღვია. შესაბამისად, კიდევ ერთხელ განვარტავ, 20 ივნისის ღამეს  პარლამენტში იმყოფებოდა გერმანიის ელჩი, რომელიც აკვირდებოდა პროცესებს, ამაზე თავადაც გააკეთა განმარტება. ასევე მთელი რიგი საელჩოები იყვნენ ჩვენთან კავშირზე, როგორც ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის დროს ჩვენ მათ ვაწვდით ამომწურავ ინფორმაციას იმის თაობაზე თუ რა ხდება. საუბარია ინფორმაციის მიწოდებაზე. ზოგადად საერთაშორისო დიპლომატიური ურთიერთობებს თავის ჩარჩოები აქვს და არ გულისხმობს, რაღაცა პროცესებში ჩარევას. ეს ალბათ თავად ელჩებმაც განმარტეს დღეს და ამაზე ინტერპრეტაციები უბრალოდ წარმოუდგენელი და მიუღებელია. იმ ღამეს, თუ გახსოვთ, მთელმა რიგმა საელჩოებმა გააკეთეს განცხადებები და სიმშვიდისკენ მოუწოდეს ყველა მხარეს. ჩვენც მუდმივად ვაწვდიდით მათ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა, რა მოვლენები ვითარდებოდა. თუმცა, ჩვენი ინფორმაციის მიწოდების გარეშეც, პირდაპირ ეთერში, ყველა არხის მეშვეობით, მთელი ღამის განმავლობაში ეს მოვლენები გადაიცემოდა და უბრალოდ ყველა ხედავდა ამას. შესაბამისად ჩემი აზრით ეს ინტერპრეტაციები უბრალოდ ზედმეტია".- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.