თბილისის მერი „მრგვალი ბაღის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ამობეჭდვა · 13 / 07 / 2019 17:36
თბილისის მერი „მრგვალი ბაღის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „მრგვალი ბაღის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნით ეტაპს გაეცნო.
მისი თქმით, არაკეთილსინდისიერი კონტრაქტორი კომპანიის ჩანაცვლების შემდეგ ბაღის რეაბილიტაცია შეფერხების გარეშე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„თქვენ იცით, რა პრობლემები იყო ამ პროექტთან დაკავშირებით. კომპანია, რომელსაც ხელშეკრულების თანახმად, უნდა განეხორციელებინა ბაღის რეაბილიტაცია, არაკეთილსინდისიერად მოიქცა. იმის გამო, რომ ჯეროვნად არ ასრულებდა თავის ვალდებულებას, ჩვენ კომპანიას შევუწყვიტეთ კონტრაქტი. ამის შემდეგ ძალიან სწრაფად შევარჩიეთ ახალი კომპანია, რომ რეაბილიტაცია დროულად ჩატარებულიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან მალე დასრულდება და აქ იქნება კეთილმოწყობილი და გამწვანებული სივრცე. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება ბაღში არსებული შადრევნის რეაბილიტაცია. ამ მიმართულებით მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი ირაკლი ჟვანიას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რეაბილიტაციის ფარგლებში, „მრგვალი ბაღის“ ტერიტორიაზე, სრულად შეიცვალა გარე განათების სისტემა. მიწის ქვეშ მოექცა საკომუნიკაციო კაბელები, შადრევანს კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შადრევნის გარშემო ტერიტორიაზე დრენაჟის ფუნქციის მქონე, ბუნებრივი ქვების კომპოზიტური საფარი მოეწყო.
რეაბილიტაციის ბოლო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც დეკორატიული სანათებისა და საბაღე ავეჯის განთავსებას გულისხმობს, ერთ კვირაში დასრულდება.

მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „გრინსერვის ჯგუფი“ ასრულებს. რაც შეეხება განათების სისტემის მოწესრიგებას, მას „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.
ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე.