დედაქალაქის მერი ორბელიანის მოედანზე კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწრო
ამობეჭდვა · 14 / 07 / 2019 22:19
დედაქალაქის მერი ორბელიანის მოედანზე კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწრო

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, პროექტის Tbilisi Classic Open Air ფარგლებში, კლასიკური მუსიკისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა.

ორბელიანის მოედანზე გამართულ კონცერტს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიასთან და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორ თიკა რუხაძესთან ერთად დაესწრო.

„დღეს, კლასიკური მუსიკის საღამო იყო, ორი ღონისძიება გაიმართა. ჯერ ჩვენი ახალგაზრდული ორკესტრი უკრავდა, რომელიც დედაქალაქის მერიის ხელშეწყობით დაფუძნდა. ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს, რომლებსაც დიდი მომავალი აქვთ. საღამოს კი, წარმოდგენილი იყო პოლონეთის ფილარმონიული ორკესტრი. ორბელიანის მოედანზე ბევრი ხალხი შეიკრიბა. იყო სასიამოვნო განწყობა და ლამაზი საღამო. ეს პროექტი დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიების და კონცერტის სახით აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Tbilisi Classic Open Air-ის პირველ კონცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგა თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც დედაქალაქის მერიის დაფინანსებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა. სოლისტები არიან ირინა როსტომაშვილი (ვიოლინო); ანა გილიგაშვილი (ფლეიტა) და მარიამ მამადაშვილი (ვიოლინო).

ღონისძიებაზე მოცარტისა და ვივალდის ნაწარმოებები შესრულდა. რაც შეეხება კონცერტის მეორე ნაწილს, იგი პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დედაქალაქს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვის ორკესტრი ესტუმრა, რომელმაც პოლონელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა სოლისტ მევიოლინე კამილავონსიკ-იანიკთან ერთად. პოლონელმა მუსიკოსებმა მსმენელს მონიუშკოს, გურეცკის, კილარისა და ვენიავსკის ნაწარმოებები წარმოუდგინეს. კონცერტს ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი დირიჟორობდა. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: პოლონური ინსტიტუტი თბილისში; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე; ევგენი მიქელაძის ეროვნული მუსიკალური ცენტრი. Tbilisi Classic Open Air დედაქალაქის მერიის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც, კლასიკური მუსიკის კონცერტები
ქალაქის ღია სივრცეებში ჩატარდება. ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება.

ტეგები