დედაქალაქში სანიაღვრე სისტემის აღწერა მოხდება
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2019 13:44
დედაქალაქში სანიაღვრე სისტემის აღწერა მოხდება

თბილისის მერია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, წყალარინების სისტემის დაერთების სავალდებულო რეჟიმის შექმნაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს კონკრეტულ საამშენებლო ობიექტს უნდა ჰქონდეს წყალარინების სისტემის საკანალიზაციო სისტემაზე დაერთების პროექტი.
„სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ როდესაც მშენებლობის ნებართვა გაიცემოდა, წლების განმავლობაში ეს მოთხოვნები გათვალისწინებული არ იყო და სავალალო შედეგი მივიღეთ. არ იყო ვალდებულება, წინასწარ შეეთანხმებინათ საკანალიზაციო სისტემაზე სამშენებლო ობიექტის დაერთების საკითხი. ეს საბოლოოდ იწვევდა იმას, რომ სხვადასხვა მშენებლობის დროს წყალარინები ერთდებოდა არა ამ ქსელზე, არამედ სანიაღვრე სისტემაზე, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ GWP-ის აქვს გამართული გამწმენდი სისტემა, კანალიზაცია სანიაღვრეებიდან მტკვარში ჩაედინებოდა,“ - განაცხადა კახა კალაძე.
მისივე თქმით, ახლახან იმყოფებოდა საფრანგეთში, სადაც თბილისის მერიამ მიიღო გრანტი, დედაქალაქის სანიაღვრე სისტემის აღწერის მიზნით.