საქართველოში მაღალმთიანის სტატუსით 1 731 დასახლება სარგებლობს
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2019 18:19
საქართველოში მაღალმთიანის სტატუსით 1 731 დასახლება სარგებლობს

საქართველოს პარლამენტმა 4 წლის წინ, 2015 წლის 16 ივლისს, მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. იმავე წელს შეიქმნა მთის ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი. საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების განვითარების სტრატეგია ახალ დონეზე აიყვანს მთის განვითარებას საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, 5 წლის წინ ხელისუფლებამ საქართველოს მთის განვითარება პრიორიტეტად დაისახა და მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა აღნიშნული კანონის მიღების შედეგად მიღწეულ შედეგებზე.

„შეიქმნა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი, რომლის ბიუჯეტმა 2016-2019 წლებში 86 მილიონი ლარი შეადგინა. ეს თანხა 4 წლის განმავლობაში მოხმარდა ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობის და სხვადასხვა სოციალური პროექტების დაფინანსებას. კანონის ამოქმედებიდან დღემდე სოციალური პროგრამების ფარგლებში, გაიცა დაახლოებით 185 მილიონი ლარი. აქედან, შვილის დაბადებისას ფულადი დახმარების სახით 15 ათასამდე ბენეფიციარზე გაიცა 23 მილიონ ლარზე მეტი, საპენსიო დანამატები გაიცა 82 მილიონი ლარის ოდენობით. სოციალური პაკეტზე დანამატის სახით გაიცა 11 მილიონ ლარამდე, სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის სახით გაიცა 12 მილიონ ლარზე მეტი, ელექტრო ენერგია დაახლოებით 20 მილიონი ლარით აუნაზღაურდა 90 ათასამდე ბენეფიციარს, მასწავლებლებზე და მწვრთნელებზე დანამატის სახით გაიცა 34 მილიონ ლარი. კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით უკვე ისარგებლა 300-ზე მეტმა საწარმომ და 20,000-ზე მეტმა ფიზიკურმა პირმა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს იყო პირველი ნაბიჯი და შემდგომი ეტაპისთვის მთავრობამ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა მთის განვითარების ახალი სტრატეგია 2019-2023 წლებისთვის, რომელიც კიდევ უფრო ამბიციურია.

„ეს არის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც ახალ დონეზე აიყვანს მთის განვითარებას საქართველოში. ამ ხედვის მისაღწევად აუცილებელია მაღალმთიანი რეგიონებში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სამეწარმეო საქმიანობის განვითარება, დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა, კიდევ უფრო მასშტაბური პროექტებით. ჯანდაცვის და სხვა ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება, ინოვაციური სისტემების დანერგვა, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და სხვა. ეს გახლავთ გაცხადებული მიზნები, თითოეული ამ მიზნის უკან არის სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს გაზრდილ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, კერძოდ, კერძოდ, სასწრაფო დახმარების შენობების, ამბულატორიების, საბავშვო ბაღების, სკოლების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა, ინტერნეტიზაცია და სხვა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ

მთავრობის მეთაურმა სტრატეგიის შექმნაში აქტიური ჩართულობისთვის გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) მადლობა გადაუხადა.

„დღეს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1,700-ზე მეტ დასახლებას და თითქმის 250 000 პირი სარგებლობს მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მთის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელების შემდეგ 300 ათასზე მეტი მთის მცხოვრებისთვის შეიცვლება რეალობა უკეთესობისკენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი ყველას კარგ შედეგებს მოგვიტანს და ჩვენ ყველა ერთად შევაფასებთ ერთად გაწეულ სამუშაოს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ..