სახელმწიფო საოჯახო და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს შეღავათებს დაუწესებს
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2019 18:31
სახელმწიფო საოჯახო და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს შეღავათებს დაუწესებს

საოჯახო ტიპის და საშუალო ზომის სასტუმროები, რომელთა მშენებლობაც იგეგმებოდა, არ უნდა გაჩერდეს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

ბახტაძის თქმით, მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებს სახელმწიფო დაეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეწარმეებს, რომლებსაც ბიზნესის გასავითარებლად სესხები აქვთ აღებული, პროცენტების თანადაფინანსებას სახელმწიფო განახორციელებს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც არიან ტურიზმის სექტორში დასაქმებული, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფი მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელები აღმოჩნდნენ, მხარში ამოვუდგეთ. სასტუმროების ბიზნესში დასაქმებულ მეწარმეებს სახელმწიფო აქტიურად ეხმარება და მათ დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს. ჩვენ ავამოქმედებთ ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. მათ დიდ ნაწილს აქვს საბანკო სესხები იმისთვის, რომ განევითარებინათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოხდება ამ პროცენტების თანადაფინანსება. იქედან გამომდინარე, რომ ტურიზმი იყო ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი საქართველოში, ძალიან ბევრ მეწარმეს ჰქონდა გეგმა ან გაეფართოებინა თავისი სასტუმრო, ან აეშენებინა ახალი. შესაბამისად, ის მექანიზმი, რომელიც შევქმენით ევროკავშირთან ერთად, არის საკრედიტო საგარანტიო სქემა. ის იქნება სრულად მიმართული ჩვენს მეწარმეებზე, რომლებიც დასაქმებულები არიან სასტუმროს სექტორში. ანუ ყველა პროექტი, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა და ახლა შეიძლება ჰქონდეს ბარიერი, რადგან გამოწვევები არსებობს, ჩვენ დავეხმარებით სახელმწიფო გარანტიით, რომ აუცილებლად დასრულდეს. არც ერთი სასტუმრო, საოჯახო ტიპის თუ საშუალო ზომის, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა, არ უნდა გაჩერდეს. ეს არის ჩვენი მიდგომა. ჩვენს მეწარმეებს ვეხმარებით როგორც მიმდინარე საქმიანობაში, ასევე დეველოპმენტის თვალსაზრისითაც. ეს არის ორი ძირითადი მექანიზმი, რომელიც გვაქვს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.