სოფიო ქაცარავა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2019 21:06
სოფიო ქაცარავა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელმარ მამედიაროვს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი მნიშვნელობა სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობის კუთხით. ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მნიშვნელობას, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სტაბილურ და უსაფრთხო გზას და საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშნელოვან წყაროს.



შეხვედრაზე სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიან გზებზე. მან მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.



„საქართველო -აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საპარლამენტო ფორმატი ამყარებს სამ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რაც ხელს უწყობს რეგიონის სტაბილურობას, განვითარებას და უსაფრთხოებას",-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.



შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის წევრი - რამაზ ნიკოლაიშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ზურაბ პატარიძე.