„ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენელი ნინო კირთაძე იქნება
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2019 22:43
„ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენელი ნინო კირთაძე იქნება

რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენელი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა და მას შემდეგ 15 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია დაფინანსდა, ფონდს ქართული პროექტების დასაფინანსებლად 3 092 322 ევრო აქვს გაცემული.

1997 წლიდან ნინო კირთაძე ცხოვრობს და მოღვაწეობს პარიზში. რეჟისორობამდე ნინო აქტიურად იყო ჩართული ჟურნალისტურ საქმიანობაში, მუშაობდა კონფლიქტის ზონებში და აშუქებდა ჩეჩნეთის, ყარაბახისა და აფხაზეთის ომების მიმდინარეობას.

ნინო კირთაძე ხუთჯერ არის დაჯილდოვებული ფრანგული არტ ჰაუსის რეჟისორ-სცენარისტთა გილდიის მიერ, ოთხჯერ აქვს მიღებული წლის საუკეთესო ფილმის პრიზი საფრანგეთში, არის გერმანიის „ოქროს გრიმეს“ მფლობელი. ნინოს არაერთი პრიზი აქვს მიღებული პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე, მათ შორის საუკეთესო რეჟისორის ჯილდო სანდენსის კინოფესტივალზე და ევროპული კინოაკადემიის ოსკარი.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ნინო კირთაძე თავისი ახალი ფილმის წარმოებას ასრულებს, მუშაობს ორი მხატვრული ფილმის სცენარზე და აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთისა და შვეიცარიის კინოსკოლებთან და კოლუმბიის უნივერსიტეტთან, როგორც პროფესორი. ნინო კირთაძის ხელმძღვანელობით 40-მდე ფილმია შექმნილი, რომელთაც საერთაშორისო წარმატება ხვდა წილად.