რატომ დატოვა “ოცნების” დეპუტატმა საპენსიო სისტემა, რომლის შემოღებასაც მხარი დაუჭირა
ამობეჭდვა · 17 / 07 / 2019 16:33
რატომ დატოვა “ოცნების” დეპუტატმა საპენსიო სისტემა, რომლის შემოღებასაც მხარი დაუჭირა

“ქართული ოცნების” დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვა.

On.ge-ს მიერ გაავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა დეპუტატს და ჰკითხა, თუ რატომ დატოვა სისტემა, რომლის შემოღებასაც პარლამენტში თავადაც დაუჭირა მხარი. ამ კითხვაზე ოქრიაშვილი აღნიშნავს, რომ მისი აზრით, მაღალშემოსავლიანმა ადამიანებმა საპენსიო ფონდი უნდა დატოვონ:

“მე მივიჩნევ, რომ მაღალშემოსავლიანმა ადამიანებმა საპენსიო ფონდი უნდა დატოვონ და დაგროვებით პენსიაზეც თქვან უარი და არადაგროვებითზეც. თქვენ იცით, რომ არადაგროვებით ნაწილში პარლამენტარებს 600 ლარამდე ენიშნებათ პენსია. სირცხვილია, რომ მე ავიღო ეს პენსია, ყოველ შემთხვევაში, დღეს, როცა მაღალი შემოსავალი მაქვს. ამიტომ, მე ამით ვაცხადებ, რომ მე საერთოდ პენსიაზე ვამბობ უარს” – ამბობს დეპუტატი.

მისი თქმით, მიუხედავად საკუთარი გადაწყვეტილებისა, ის საპენსიო რეფორმის საჭიროებაში კვლავ დარწმუნებულია. გარდა ამისა, ის კვლავ ემხრობა 40 წელს ზემოთ ადამიანებისთვის არჩევანის დატოვების შესაძლებლობას, ხოლო 40 წლამდელებისთვის სავალდებულოობას უჭერს მხარს:

“40 წლამდე ადამიანები უნდა ჩაერთონ იმიტომ, რომ ეს არის აუცილებელი. იმ პერიოდში მე დავჭურე მხარი ამ კანონპროექტს. [საპენსიო ფონდის დატოვება] ეს არ არის პოლიტიკური განცხადება ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა რომელიც პოლიტიკასთან კავშირი არაა” – ამბობს ოქრიაშვილი.

კახა ოქრიაშვილი მილიონერია. ის სააფთიაქო ქსელ “PSP-ს” დამფუძნებელი და აქციონერია.

ტეგები