კალაძე: ლავროვი გამოცდილი, დიდი პოლიტიკოსია, არ უნდა ეშლებოდეს
ამობეჭდვა · 17 / 07 / 2019 20:28
კალაძე: ლავროვი გამოცდილი, დიდი პოლიტიკოსია, არ უნდა ეშლებოდეს

დღეს, 17 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმში პარტიული დახურული შეხვედრა გამართა, სადაც რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს. შეხვედრის დასასრულს განცხადება კახი კალაძემაც გააკეთა:

„ძალიან მნიშვნელოვანი პარტიული შეხვედრა გვქონდა აჭარაში, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებისთვის. კანდიდატად წარმოდგენილია თორნიკე რიჟვაძე და მინდა მას წარმატებები ვუსურვო. საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაა და დარწმუნებული ვარ, თანაპარტიელებთან ერთად ის იქნება წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხთან, საზოგადოებასთან კომუნიკაცია, იმ პროექტებზე საუბარი, რომელიც ზოგადად აჭარაში ხორციელდება – როგორც ბათუმში, ასევე მაღალმთიან აჭარაში, მნიშვნელოვანია ყოველდღიურ რეჟიმში იყოს კომუნიკაცია მოსახლეობასთან.

შეიქმნება თუ არა კოალიციური მთავრობა და ზოგადად პარლამენტში რამდენი პარტია მოხვდება, დამოკიდებულია ჩვენს მოსახლეობაზე. მივესალმები ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებას, სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის. ზუსტად მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს არჩევანი 2020 წლის არჩევნებზე თავიანთი გემოვნებისა და პროგრამების მიხედვით.

ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია და იმის რესურსიც გააჩნია ქართულ ოცნებას, უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში, თუმცა ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული.

ცუდია რაც [20 ივნისს] მოხდა, არავის არ უნდა ეპატიოს და არ უნდა იყოს იმის მცდელობა, რომ საქართველოს ნომერ პირველ ინსტიტუტს შეუტიონ და შტურმით აღების მცდელობა იყოს. ყველას კარგად გვახსოვს და ვიცით, თუ რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ეს ქვეყნისთვის. სახელისუფლებო ცვლილებები უნდა მოხდეს მხოლოდ არჩევნების გზით” – აცხადებს კახი კალაძე.

ჟურნალისტებმა მას კითხა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შესახებაც, რომელიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას ,,დაგმოს გიორგი გაბუნიას სამარცხვინო გამოხდომა”

კალაძე მიიჩნევს, რომ „კერძო არხის ჟურნალისტის მდაბიო გამოხტომები არ უნდა იყოს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების დალაგების ან არევის კრიტერიუმები, ლავროვი დიდი, გამოცდილი პოლიტიკოსია და მას არ უნდა ეშლებოდეს ასეთი რაღაცები. ჩვენი კურსი ევროპაში ინტეგრაციაა და რუსეთთან გვაქვს დაბალანსებული პოლიტიკა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბოლო წლებში წინგადადგმული ნაბიჯებით – ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, ჩვენი მიზანია გავხდეთ დიდი ოჯახის, ევროპის წევრი” – განაცხადა ბათუმში ვიზიტისას კახა კალაძემ.

https://netgazeti.ge/about/terms/


ტეგები