20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
ამობეჭდვა · 17 / 07 / 2019 22:13
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებული აქციის მონაწილის მ.ფ-ს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

დაცვის მხარე გირაოს სახით 2 000 ლარის შეფარდებას ითხოვდა.

პროკურორ გიორგი მუკბანიანის განცხადებით, ბრალდებულის მიმალვის და ახალი დანაშაულის საფრთხე არსებობდა.

1997 წელს დაბადებული მ. ფ-ს საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 სექტემბეს 15:00 საათზე ჩაინიშნა.

20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 12 ადამიანია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 225 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

20 ივნისის საქმეზე სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დღეს დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

„კერძოდ, დაკავებულები არიან: 1974 წელს დაბადებული ც.ც., რომელიც თავს დაესხა სამართალდამცველებს, კერძოდ აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელკეტს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

1994 წელს დაბადებული ს.ბ., რომელმაც სამართალდამცველებს წაართვა თავდაცვითი დანიშნულების საგანი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

1989 წელს დაბადებული ლ. ჯ., რომელიც სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეის მდგომარეობით, პასუხისგებაშია მიცემული 12 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.
 

ტეგები