სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „ქართულ-გერმანული ურთიერთობები ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში"
ამობეჭდვა · 18 / 07 / 2019 16:33
სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „ქართულ-გერმანული ურთიერთობები ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში"

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „ქართულ-გერმანული ურთიერთობები ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში - როგორ შევაჯეროთ მოლოდინები“.

სოფიო ქაცარავამ ვრცლად ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, საქართველო-გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო, ორმხრივ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. ხაზი გაუსვა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ინსტიტუციურ, დემოკრატიულ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობას, რომელიც წევრ ქვეყნებს სთავაზობს კონკრეტულ ინსტრუმენტებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

„ასეთი დისკუსიების გამართვა ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის გვაძლევს საშუალებას უკეთ შევაფასოთ ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობები, ის მხარდაჭერა რაც მათგან მოდის და გამოწვევები, რომელზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ.  ეს დაგვეხმარება, რომ არსებული გამოწვევები  შესაძლებლობებად გარდავქმნათ“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დისკუსიის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის პოზიციები ისეთ საკითხებზე, რომელიც  რუსეთთან ურთიერთობებს, ნატოსკენ სწრაფვას და ევროპული ინტეგრაციის პროცესს უკავშირდება.

დისკუსია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა, „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, „გერმანიის ბიზნეს ასოციაციის“ წარმომადგენელმა საშა ტერნესმა, ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის წარმომადგენელმა სტეფან მეისტერმა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ და ევროპის პოლიტიკური ინსტიტუტის წარმომადგენელი ვიქტორია პალმმა.