ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში სუფრაა გაშლილი და ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები გროვდება (ფოტო)
ამობეჭდვა · 20 / 07 / 2019 16:44
ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში სუფრაა გაშლილი და ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები გროვდება (ფოტო)

ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში სუფრაა გაშლილი, რომლის პარალელურად ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფი "ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის" ხელმოწერებს აგროვებს. ამის შესახებ "ლაივპრესი" წერს.

როგორც "ლაივპრესს" მოძრაობის ხელმძღვანელმა გურამ ფალავანდიშვილმა განუცხადა, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის პარალელურად ისინი ითხოვენ ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანას. კერძოდ, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან ამიოღონ ტერმინები: "გენდერული იდენტობა" და "სექსუალური ორიენტაცია".

მისივე ინფორმაციით, უკვე მესამე დღეა რაც ხელმოწერებს აგროვებენ და დაახლოებით 20- ათასამდე აქვთ. მანვე განმარტა, რომ ტრაპეზი მოქალაქეების მიერ შეგროვებული თანხით და ბიზნესმენ გიორგი ბერიშვილის ფინანსური დახმარებით ჩაატარეს.

ლგბტ თემის მოწინააღმდეგე გურამ ფალავანდიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი "ერთიანი და ზნეობრივი საქართველო"ჟურნალისტებს 17 ივლისს გააცნო. მან ბრიფინგზე დაასახელა მოთხოვნებიც. კერძოდ:"საქართველოს კანონმდებლობიდან სრულად, მათ შორის ე.წ ანტიდისკრიმინაციული კანონიდან, ამოიღონ სოდომური ცოდვის დამაკანონებელი ტერმინები: "გენდერული იდენტობა" და "გამოხატვა და სექსუალური ორიენტაცია" 2. საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვროს, რომ სოდომია ე.წ. ლგბტქ და არის ნორმიდან გადახრა, გარყვნილება და აიკრძალოს მისი ნებისმიერი ფორმით გასაჯაროვება, გავრცელება, პროპაგანდა, ნორმად გამოცხადება, მათ შორის აღლუმებით, მედიით, სიმბოლიკის გამოყენებით, განათლებით და სხვა."

ფალავანდიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ხელმოწერებს პარლამენტს პირველ ოქტომბრამდე წარუდგენს და გადაწყვეტილებას ერთი თვის მანძილზე დაელოდება. მისივე თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პირველი ნოემბრიდან საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციებს გამართავენ.

ტეგები